მოძალადე ქმარი ფხიზელზე თუ მთვრალზე სამსახურის იარაღიდან ისროდა და ემუქრებოდა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით - ბაია პატარაია
ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია ,,საფარის" ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში ბორჯომელი პოლიცციის შესახებ წერს. ბაია პატარაია აღნიშნავს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე. ქალის უფლებებს კი ორგანიზაცია საფარი იცავს.
,,დღეს შევხვდი ქალს ბორჯომის რაიონიდან. პოლიციელის ცოლია. მოძალადე ქმარი ფხიზელზე თუ მთვრალზე სამსახურის იარაღიდან ისროდა და ემუქრებოდა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. სხვა ტიპის ძალადობის შემთხვევებიცაა, რაზეც აქ ახლა არ ვწერ.
პოლიციელი, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა, თავისუფლად გადაადგილდება ხან პირადი და ხან სამსახურის მანქანით. ერთხელ ხაშურში ფეხით მიმავალ ცოლს მანქანით აედევნა და მანქანით დატაკების სიმულაციას მიმართა.
ეს ქალი მებრძოლი ქალია. სანამ ჩვენამდე მოვიდოდა, პოლიციის რამდენიმე განყოფილებას მიმართა. იარაღის ვაზნებიც კი მიიტანა სამმართველოში. გენინსპექციასაც მიმართა და სპეციალურ სამსახურსაც. ნოემბრიდან ჩივის და აღარაფრის იმედი აქვს. დღეს მითხრა, რომ ჩვენ მისი ბოლო იმედი ვართ ამ ქვეყანაში.
პოლიციელის ბიძები პროკურატურაში და თავდაცვაში მუშაობენ. ყველა საქმის კურსშია. ყველამ ყველაფერი იცის. ზოგიერთი პოლიციელი მასზე მართლა ღელავს და დახმარებას ინდივიდუალურად ცდილობს, მაგრამ სისტემა ჩამოშლილია.
თებერვლიდან მოყოლებული ორგანიზაცია ,,საფარის" ადვოკატი ამ ქალის დაზარალებულად ცნობას უშედეგოდ ითხოვს.
ეს პოსტი გამაფრთხილებელი პოსტია! მიხედეთ საქმეს! ნამდვილ საქმეს და არა მართალი ადამიანების დევნას აქციებზე!" - წერს ბაია პატარაია.