სამართალი
ბაჩიაშვილის სახლს და ბინას გაყიდიან
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა „პირადი ფინანსისტმა“ გიორგი ბაჩიაშვილმა, - რომელსაც ივანიშვილი „კრიპტოვალუტების ბიზნესში“ თაღლითობას ედავება, - ქვეყანა უნებართვოდ, მალულად დატოვა, სასამართლომ მას 2,5-მილიონიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.
6 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
შედეგად, ის უძრავი ქონება, რაც ბაჩიაშვილის 2,5 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს უზრუნველსაყოფად იყო დაყადაღებული, „თანხის ამოღების მიზნით“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.
საჯარო რეესტრში მითითებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის 2 აგვისტოდან გიორგი ბაჩიაშვილისა და მისი მამის, ალექსანდრე ბაჩიაშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი და მიწა იყო დაყადაღებული:
- გიორგი ბაჩიაშვილის სახელზე არსებული 178,5 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა ლისზე, ნეკერჩხლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში;
- ბაჩიაშვილის მამის, ალექსანდრე ბაჩიაშვილის სახელზე არსებული 459 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა ვაკეში, ჭავჭავაძის I შესახვევში მდებარე კორპუსში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დაადგინეს, ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა 2 მარტს. მან 4 მარტს 12:00 საათზე დაწერა ფეისბუკზე, რომ იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა, რისთვისაც ,,სისტემაში არსებული ხვრელები გამოიყენა". აღნიშნა, რომ ქვეყანა მისმა მშობლებმაც დატოვეს და ევროპაში არიან. თუმცა არ დაუზუსტებია, თავად როგორ გადაკვეთა საზღვარი, სად გაემგზავრა და სად არის ახლა.
შსს-ს ვერსია ასეთია:
ბაჩიაშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვრის ქართულ მხარეს არსებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი გაიარა „ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით“;
ქართული გამშვები პუნქტის ფარულად გადაკვეთის შემდეგ სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, „მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა“ და ასე გაიარა საზღვარი.
ბაჩიაშვილს 2023 წლის 11 ივლისიდან აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და საქართველოს საზღვრის კვეთა, ასევე, ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქის პასპორტები.
შსს აცხადებს, რომ გამოძიება „აქტიურად“ გრძელდება „დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით“. დანარჩენ ორ - „კრიპტოვალუტების მითვისების“ და „მტკვარი ჰესის“, - საქმეში ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს.
ბაჩიაშვილს 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება „კრიპტოვალუტების საქმეზე“ - რასაც იგი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
Տարածեք :