მართლმადიდებლური ეკლესია 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები ამ დროს ტაძრებში იკრიბებიან და მოძღვრის კურთხევით, უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარებიან.
რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას ქალაქის პირველი პირები დაესწრნენ.
გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი კაბადოკიელი რომის ლაშქარში მსახურობდა. თავის სიმამაცით იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიუპყრია. მალე მისი პირადი მცველი და შემდეგ მხედართმთავარიც გამხდარა. გიორგიმ იმპერატორის წინაშე კერპთაყვანისმცემლობა დაგმო და ქრისტიანობა იქადაგა. დიოკლეტიანემ როცა მისი გადაბირება ვერ შეძლო, ლახვრით განგმირვა ბრძანა. ლახვარი წმინდანის ხორცის შეხებისას სანთელივით მოიდრიკა.
ამის შემდეგ დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა, თუმცა ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით, წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა, ამ სასწაულმა ქრისტეს რჯულზე მრავალი ადამიანი მოაქცია.
დიოკლიტიანეს ბრძანებით, წმინდა გიორგის საბოლოოდ თავი მოჰკვეთეს. სასწაულების მხილველმა იპერატორის მეუღლემ ალექსანდრიამ ჭეშმარიტი ღმერთი იწამა, რის გამოც დიოკლიტიანემ მისი დასჯაც ბრძანა, თუმცა ალექსანდრიამ ლოცვის შემდეგ სული განუტევა.
ქრისტიანობისათვის წამებულ წმინდა გიორგის III-IV საუკუნეებიდან მართლმადიდებლების გარდა, თაყვანს სცემენ სხვა აღმსარებლობის მორწმუნეებიც.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, რამაზ ალავიძე.