მუსლიმური სამყაროს წარმომადგენლები მუჰამედ შუამავლის კვირეულს აღნიშნავს. წმინდანის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მრევლი იკრიბება და მის მიერ სარწმუნოებაში შეტანილ წვლილს იხსენებენ.
მთვარის კალენდრის მიხედვით ეს დღე მოძრავი თარიღით აღინიშნება. მოციქული 571 წლის 20 აპრილს დაიბადა. წელს მუსლიმებმა მუჰამედ შუამავლის დაბადების დღე 12 დეკემბერს აღნიშნეს.
მუჰამედ შუამავალი მუსლიმური სამყაროსთვის მნიშვნელოვანი წმინდანია. მან ალლაჰის სიტყვები პირველმა იქადაგა.
მის ირგვლის ერთიანდებოდნენ ღარიბები, მდიდრები, მონები და მეფეები. შუამავალი ლოცვას, ერთ ღმერთზე მორჩილებას ითხოვს. მდიდრებს ზექათის გაღებას ავალებს, ღარიბებს კი მოთმინებასა და ალლაჰზე მინდობას ურჩევს.
როცა მორწმუნეთა რაოდენობამ სამ ათეულს გადააჭარბა, ყურაიშელთა ტომის ზედაფენამ ამ მცირე ჯგუფისგან საშიშროება იგრძნო, რომელიც მათ კეთილდღეობას ემუქრებოდა და დაუწყო მათ დევნა, შეურაცხყოფა და შევიწროება. სდევნიდნენ საზოგადოებრივი ადგილებიდან, სცემდნენ და არ აძლევდნენ შეკრებისა და ლოცვის საშუალებას. ფიზიკური განადგურებითაც ემუქრებოდნენ. საფრთხის გამო, მუჰამედ შუამავლის გადაწყვეტილებით, მორწმუნეთა ნაწილი 615 წელს ეთიოპიაში გადაიხვეწა. შუამავალს მისი ბიძა აბუ თალიბი იცავდა. იგი მექაში დარჩა და გააგრძელა ქადაგება, შეიძინა ახალი მიმდევრები.
622 წლის ივლისში მუსლიმებმა მექა დატოვეს და ისრიბში გადავიდნენ. ამ გდასახლებას ჰიჯრა ეწოდა. ჰიჯრა საფუძვლად დაედო მუსლიმურ წელთაღრიცხვას.
მიუხედავად იმისა, რომ მუჰამმედ შუამავალს სდევნიდნენ, ავიწროებდნენ და დასცინოდნენ, ის ქადაგებას მაინც აგრძელებდა. მან პირველი მეჩეთი მედინაში ააგო. ყურანის შესაბამისად ჩამოაყალიბა მუსლიმური რიტუალების: ლოცვის, განბანვის, მარხვის, სავალდებულო მოწყალების (ზექათის) საფუძვლები, ღვთისმოსავთა ცხოვრების წესები, მემკვიდრეობის გადაცემის, ქონების გაყოფის, ქორწინების პრინციპები.
მუჰამმედ შუამავლის ცხოვრება და მოღვაწეობა მუსლიმური სამყაროთათვის მოთმინების, სულგრძელობის, წყალობის, მჭევრმეტყველების, სამართლიანობის, ღვთისმოსაობის, მორჩილების, სიყვარულის, თავმდაბლობის, სიკეთის, მშვიდობის დაცვის ჭეშმარიტი მაგალითია.