34.4 - არც ლარის კურსია, არც მიწის ფართობი და არც ზეთის ფასი. ეს ტემპერატურაა, რომელიც ,,დელტა“ შტამით ინფიცირებულ ადამიანებს, კოვიდის დასრულებიდან კიდევ რამდენიმე თვე შეიძლება ჰქონდეთ. მაგრამ ეს პირველი სიმპტომი არ არის და ტემპერატურის გაზომვაც სიმპტომების გამოვლინებიდან დაახლოებით მეოთხე დღეს იწყება. მაშინ იწყება პრობლემებიც. კორონავირუსის ყველა შემადგენელის გამოვლენის დროსაც კი, შესაძლოა, პისიარ ტესტის პასუხი უარყოფითი იყოს.
კორონავირუსის სიმპტომები PCR ტესტის უარყოფითი პასუხით
მე ჟურნალისტი ვარ, მაია იველაშვილი და ჩემი ისტორია ასეთია: ერთ დღეს მეცვლება ხმა და მეწყება სურდო. პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია. თავს სუსტად ვგრძნობ. იმაში დარწმუნებული, რომ კორონავირუსი არ მაქვს, ოპერატორთან ერთად, ერთერთ სოფელში გადაღებაზე მივდივარ. თემა კოვიდინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა, ინფორმაციის ნაკლებობა და თითქმის გაჩერებული ვაქცინაციის პროცესია. სოფელში მისულებს ,,ბირჟაზე“ მხოლოდ სამი კაცი გვხვდება. ირკვევა, რომ 20-დან 60-მდე ადამიანს covid-19 შეხვდა. მოსახლეობა სახლში გამოიკეტა.
კოვიდმოდებულ სოფელში თავს მაქსიმალურად ვიცავთ - ვიყენებთ პირბადეს, ყველა ინტერვიუს მერე სადეზინფექციო ხსნარს და ვმგზავრობთ ფანჯრებჩაწეული მანქანით. უკან ვბრუნდებით. ხმა კიდევ უფრო მეცვლება, სურდოს მშრალი ხველა ემატება და ყელში წვა ძლიერდება. დარწმუნებულები იმაში, რომ სოფლიდან ვირუსის „წამოღების“ რისკი მინიმუმამდე დავიყვანეთ, სისუსტეს ემოციას და გადაღლას ვაბრალებ.
მერე მოდის ბეჭებში წვა და ხველა. ზურგზე წოლა სულ უფრო შეუძლებელი ხდება. უძილობა და შფოთი იმატებს. პირველი გატესტვიდან 72 საათი გადის. ახლობელი ექიმი მეუბნება, რომ ყველა სიმპტომი, რომელიც მაქვს, „დელტა“ შტამისთვის არის დამახასიათებელი - აღგზნება, დაძაბულობა, სისუსტე და ერთდროულად ყველაფრის ტკივილი. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მაღალი სიცხე მაქვს, არადა თერმომეტრი 34.4-ს აჩვენებს. კორონავირუსი პირველ რიგში ,,ნერვების ვირუსია“. უძილობის და შფოთის ფონზე ღამეები უსასრულოდ იწელება. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე დღეს მდგომარეობა უარესდება. არადა, ტესტი კვლავ უარყოფითია.
ოფიციალურად კოვიდინფიცირებული არ ვარ, ამიტომ თვითმკურნალობაზე გადავდივარ. გარშემო ყველა საკუთარ მეთოდს მიზიარებს და მიმტკიცებს, რომ სწორედ ამ მკურნალობის წყალობით გადაიტანა კორონავირუსი მსუბუქად.
ძმარი, მარილი, სოდა, წამლის რამდენიმე სახეობა, სისხლში ჟანგბადის მარეგულირებელი პრეპარატები, ბაქმაზი, რძის და თაფლის კომბინაცია, შავი მოცხარის მურაბა - ჩამონათვალი გრძელია. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი არ მაქვს, ყველა რეცეპტსა თუ რჩევას ვინიშნავ. წამლებთან ერთად, მთავარი მოთხოვნა ოთახში ბევრი სიარული და ბუშტების ბერვაა.
ყოველდღე ვკითხულობ იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვისგანაც სავარაუდოდ ვირუსი გადამედო. თითქოს ჩემი სიცოცხლე მისას გადაეჯაჭვა. ერთი მძიმე დღე მაშინ დგება, როცა მისი საავადმყოფოში გადაყვანის ამბავს ვიგებ. თუ მეც დამჭირდა ჰოსპიტალიზაცია, უკვე ორი - სწრაფი და პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის გამო, შესაძლოა, კლინიკის ,,სუფთა ზონაში“ შემიყვანონ. იქ მხოლოდ კოვიდუარყოფითი პაციენტები მკურნალობენ. თუ ვირუსი მაქვს, მათი დაავადების წყარო შეიძლება გავხდე.
ვინაიდან ტესტის პასუხი უარყოფითია, ოჯახის ექიმთან კონსულტაცია „არ მეკუთვნის“. ახლობელი მედიკოსების რჩევით, პირველ ეტაპზე სისხლის ანალიზსა და რეტგენს ვიღებ, საჭიროების შემთხვევაში კი კატეს (კომპიუტერული ტომოგრაფია). მეუბნებიან, რომ საქართველოში შემოტანილი ტესტები „დელტა“ შტამს ზოგჯერ ვერ ხედავს. ,,გვქონია შემთხვევები, რომ მხოლოდ კატეში გამოჩენილა“, - ამბობს ექიმი მარი მიქოიანი. ანალიზში თითქმის ყველაფერი შეცვლილია, ჰემოგლობინი 73 ერთეულით არის დაცემული. სისხლის ანალიზისა და გადაღებული რეტგენის მიხედვით ექიმი ვარაუდობს, რომ ვარ ის იღბლიანი, ვინც კოვიდის მწვავე ფაზა ისე გადაიტანა, არც იცოდა, რა ვირუსს ებრძოდა. მირჩევს, ერთი კვირა ისევ იზოლაციაში დავრჩე და პოსტკოვიდური პერიოდი ვაკონტროლო, რადგან ,,პირველ 12 დღეში კორონავირუსით თითქმის არავინ კვდება“. ზოგადი სისუსტე მეორე თვეა გრძელდება და ტემპერატურაც 34-35 გრადუსს შორის მერყეობს.
შეიძლება ორგანიზმში ვირუსის არსებობას ტესტი არ ადასტურებდეს?
შეიძლება, რადგან მედიცინაში გამონაკლისი ყოველთვის არის - განმარტავს „მეცხრე არხთან“ დაავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის თქმით, ,,ხშირ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს ტესტის არასწორად აღების ან არა იმ მიდამოდან აღების გამო“.
,,თუ ერთხელ უარყოფითი მოვიდა და ექიმი მიიჩნევს, რომ ეს კოვიდის სიმპტომებია, ერთჯერადად არ ფიქსირდება პისიარი, მაინც უნდა იყოს იზოლირებული და განმეორდეს პისიარი. რატომ არ გამოჩნდა? - ვერ მოხვდნენ იმ ადგილზე, ან შეიძლება იყოს ნიმუშის აღების პრობლემა, ამიტომ უნდა გაიმეორონ მეორე დღეს. სისხლის ანალიზით არა, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში პირველ ეტაპზე იყო, როცა კატეთი უყურებდნენ ვირუსს“.
როგორ იქცევა ასეთ შემთხვევაში ექიმი და რას აკეთებს კოვიდსიმპტომების მქონე პაციენტი, რომელსაც ვირუსი ლაბორატორიულად არ უდასტურდება? ამირან გამყრელიძის თქმით, ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.
,,თუ ექიმი ჩათვლის, თუმცა ეს ძალიან იშვიათია და ეს უნდა დაასაბუთოს, რომ კონტაქტი იყო კოვიდთან, ახლო კონტაქტი, რომ სიმპტომები კოვიდის არის, რენტგენოლოგიურად ჰგავს, მაგრამ ლაბორატორიულად არ დასტურდება, თუ სერიოზული დასაბუთება იქნა ამისი, განიხილავს კომისია და წესით, მოხდება მკურნალობა. ჯერ ერთი, თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, მას მკურნალობა სჭირდება (იმის მიუხედავად) კოვიდია თუ არა. შეიძლება სხვა რესპირაციული ინფექციაა“, - მიხსნის ამირან გამყრელიძე.ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლია გოლიაძის თქმით, ,,ტესტები არ არის 100%-იანი, გააჩნია ტესტების ხარისხს, შეიძლება ამ ტესტმა მოგვცეს უარყოფითი შედეგი, ვიყოთ დარწმუნებული, რომ პაციენტს არ აქვს კორონავირუსი და სინამდვილეში ის იყოს ინფიცირებული. რაც გაცილებით უარესია. ისევე როგორც ეს დაავადება არის ახალი, ტესტებიც ახალია. ამიტომ, ჩვენ რომ ვთქვათ, რომელიმე ტესტი არის ძალიან კარგი და რომელიმე ძალიან ცუდი, არ არის სწორი“.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, სახელმწიფო უწყებები მკაცრად განუსაზღვრავს კერძო სექტორს ტესტების ფასს და პირობებს. ამ გადაწყვეტილებას კი ასე ხსნის: ,,ყველა არასწორად გაკეთებულმა ტესტმა შეიძლება გამოიწვიოს პანიკა, დაბნეულობა, მცდარი კლინიკური დასკვნა, რაც მსგავს სიტუაციაში კრიტიკულად საშიშია”.
მკურნალობის სახსრები და შესაძლებლობები
თუ პირს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მის მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს. ასევე, უზრუნველყოფილია კოვიდდიაგნოსტიკა. ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი სოფო მორგოშია მიხსნის, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირს ვირუსი ლაბორატორიულად არ დაუდასტურდა, სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს.
,,თუ მოვიდა სიმპტომური პაციენტი და ანტიგენმა არ დაუდასტურა, ოჯახის ექიმის გადამისამართებით კეთდება პისიარტესტირება, რა დროსაც შედარებით მეტი სიზუსტით დგინდება დაავადება. თუ პისიარითაც არ დადასტურდა, მაგრამ ვლინდება კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ოჯახის ექიმი, მას გარკვეული პერიოდით მაინც ურჩევს იზოლაციაში ყოფნას. covid-19-ის დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ ცხვირ-ხახის ნაცხით - ანტიგენის ტესტით ან პისიარ მეთოდით. კლინიკური ანალიზით კოვიდს ვერ დაადასტურებ. არის შემთხვევები, რომელიც კლინიკურად ჰგავს კოვიდს, მაგრამ ლაბორატორიულად არ დასტურდება - ამ შემთხვევაში ოჯახის ექიმმა უნდა მართოს მისი მდგომარეობა ბინაზე, თუ სტაციონარი არ ჭირდება“, - ამბობს სოფო მორგოშია.
ექიმებს სმენიათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე და ტესტით დაუდასტურებელი ვირუსის არსებობის შესახებ, თუმცა იციან, რომ სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, covid-19-ით დაავადებული მხოლოდ ტესტით დადასტურებული პაციენტია.
რა უნდა გააკეთოს ექიმმა, თუ პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი აღენიშნება, მაგრამ ტესტი უარყოფითია? ამ ვითარებაში მედიკოსები სიმპტომურ მკურნალობას ნიშნავენ. შესაბამისად, ჯანმრთელობის გართულების შემთხვევაში, ასეთი პაციენტი ე.წ. ,,სუფთა ზონაში“ შეჰყავთ. ახალციხის კლინიკა „იმედის“ კლინიკური მენეჯერი ამბობს, რომ ,,სასურველია ასეთი პაციენტი სტაციონარში იყოს იზოლირებული“.
,,თუ პისიარით არ დასტურდება, ის პაციენტი მოხვდება არაკოვიდკლინიკაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მედპერსონალი არ უნდა იცავდეს თავს. ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები უნდა იყოს მაქსიმალური სიზუსტით გამოყენებული, როგორც კოვიდკლინიკაში, ასევე არაკოვიდკლინიკაში. პროტოკოლითაც არის მოცემული, რა სიმპტომები გააჩნია პაციენტს, რომ სავარაუდოდ, იფიქრო, რომ აქ არის კოვიდი. სასურველია, ასეთი პაციენტი იზოლირებული იყოს, მაგრამ თუ სხვასთან ერთად წევს, ისიც იქნება აუცილებლად მსგავსი სიმპტომებით. განსხვავებულთან ვერ დააწვენ.
ნებისმიერ დაავადებას აქვს თავისი კოდი, კოვიდ19-საც აქვს თავისი კოდი, კორონავირუსი, რომელიც ლაბორატორიულად არის დადასტურებული და მეორე კოდია, რომელიც ლაბორატორიულად არ დასტურდება. ეს დაშვებულია ნამდვილად, მაგრამ ჩვენ ასეთი შემთხვევა არ გვქონია, რადგან სახელმწიფოც აფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელიც კოვიდდადასტურებულია და დაუდასტურებელისთვის ჩვენ არასდროს გვიმკურნალია. ასეთ შემთხვევაში გადავცემთ, ხოლმე, ინფექციურ განყოფილებას, ბოქსირებულ პალატაში არაკოვიდკლინიკებში. რეფერალს ვაკეთებთ“, - ამბობს მზია კაკოშვილი.როცა covid-19-ისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი გაქვს, მაგრამ ვირუსი ლაბორატორიულად არ დასტურდება, ჯანმრთელობის გარდა, ყოფითი პრობლემების წინაშე დგები. ჩამონათვალი ვრცელია.
პირველი: აუცილებელია კვლევების ჩატარება.
,,სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია ამბულატორიული კვლევებიც. ლაბორატორიული კვლევებია - სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა - სისხლის შემადედებელი ფაქტორების მაჩვენებლად, D დიმერი, C რეაქტიული და კატე კვლევა, ექოსკოპია - ეს რაც აუცილებელია“, - განმარტავს ახალციხის ,,იმედის კლინიკური მენეჯერი მზია კაკოშვილი.
ადამიანები, ვისაც კორონავირუსი არ უდასტურდებათ, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ. შესაბამისად, ეს პაციენტის ხარჯია.
ჩემი პირადი მაგალითის მიხედვით, ახალციხის ორი კლინიკაში ეს სავალდებულო კვლევები დაახლოებით 400-დან 500 ლარამდე მერყეობს.
მეორე: ყიდულობ მინიმუმ იმ ოთხ აუცილებელ მედიკამენტს, რომელსაც მკურნალობის განსხვავებული მეთოდების მიუხედავად, ყველა გირჩევს.
ვიტამინი ომეგა აფთიაქებში საშუალოდ 19 ლარი ღირს, D3 - 42 ლარი, თუთია - 29 ლარი, ვიტამინი C - 7 ლარი და სისხლში ჟანგბადის მარეგულირებელი 18 ლარი, რაც ჯამში 115 ლარს შეადგენს. ამ მედიკამენტებზე დაზღვევა არ ვრცელდება. უკეთეს შემთხვევაში, ფასდაკლება მოქმედებს. თუმცა ამ ყველაფრის შეძენა ლაბორატორიულად დადასტურებულ კოვიდდადებითებსაც უწევთ. აუცილებელია სატურაციის გაკონტროლება. აქ კიდევ ერთი დაბრკოლებაა - ახალციხეში, თითქმის მეორე თვეა, აპარატი დეფიციტშია და უკეთეს შემთხვევაში, მისი გამოწერით შეძენა მოგიწევთ.
მესამე: სპეციალურად შექმნილი ონლაინკლინიკების ოჯახის ექიმი მხოლოდ ინფიცირებულების ჯანმრთელობის მართვაზეა პასუხისმგებელი. ყოველ შემთხვევაში, დაავადებულთა საგანგაშოდ გაზრდილი რაოდენობის ფონზე, ლაბორატორიულად დაუდასტურებელ პირს არავინ კითხულობს.
მეოთხე: ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტესტირების, ვაქცინაციისა თუ დაავადებულთათვის კვლევების ჩასატარებლად გამოწვეული რიგებია. ასეთ დროს, შესაძლოა, ოფიციალურად უარყოფითი, რეალურად კი კოვიდდადებითი პაციენტის გვერდით მოხვდეთ და თავადაც გახდეთ ვირუსის მსხვერპლი.
„იღბალი“
ტესტს ორი ველი აქვს, რომელმაც უნდა გამოავლინოს იმუნოგლობულინი M (IgM) ანუ ადრეული მარკერი და იმუნოგლობულინი G (IgG), გვიანი მარკერი. ამირან გამყრელიძის განმარტებით, იმუნოგლობულინი M ჩნდება დაავადებიდან მეხუთე-მეშვიდე დღეს. ,,ამ ტესტით თქვენ პირველ, მეორე, მესამე დღეს ვირუსს ვერ დაიჭერთ და ის შედეგს მოგცემთ, როცა უკვე სიმპტომები გაჩნდება". იმუნოგლობულინი M შეიძლება დაავადების მწვავე ფაზაზე მიუთითებდეს. იმუნოგლობულინი G კი ანიშნებს, რომ პაციენტმა დაავადება რაღაც დროს უკვე გადაიტანა ,,ისე, რომ შესაძლოა, ვერც მიხვდა".
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ექიმის ნათქვამ „იღბლიანობაზე“ ბევრს ვფიქრობ. მართლა ძალიან გამიმართლა, რომ ყველა სიმპტომის მიუხედავად, 10 დღე ბუნებრივი მკურნალობის მეთოდით გადავიტანე. არ გაუმართლა ნეკრესის მიტროპოლიტს. ოფიციალური ინფორმაციით, ის კლინიკაში მარტო იმიტომ მივიდა, რომ ნაღვლის ბუშტი აწუხებდა. ოპერაციის შემდეგ მედდისგან კორონავირუსი გადაედო, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
შესაძლოა, გეგმიური გატესტვის დროს იმ მედდას უარყოფითი პასუხი მიუვიდა. მიტროპოლიტი სერგის შემთხვევა გახმაურდა, თუმცა, კლინიკაში სხვა დაავადებებით მისული და შემდეგ covid-19-ის გამო გარდაცვლილების შესახებ სხვა ბევრი ფაქტი გაგვიგია. ეს, ბუნებრივია, აჩენს ეჭვს, რომ სამედიცინო პერსონალის ტესტირებისას, შესაძლოა, პასუხი იყოს უარყოფითი, თუმცა რეალურად ის კოვიდდადებითია.
ექიმების ნაწილი პრაქტიკოს სტუდენტებს უხსნის, რომ თანამედროვე მედიცინაში, შეიძლება ,,განიხილონ კიდევ ერთი შემთხვევა, რომელსაც უწოდებენ ,,პისიარუარყოფითი კოვიდიანების“ საქმეს და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ასეთი შემთხვევები ერთი და ორი არ არის. სასწრაფო დახმარების ექიმის მარი მიქოიანის თქმით, ,,ყოფილა შემთხვევები, როცა ვირუსი გამოჩენილა მეექვსე, მეცხრე ან მე-12 დღეს. თუმცა არც ისეთი შემთხვევებია ცოტა, როდესაც კატეში ჩანს მხოლოდ“.
ასეთ დროს ვრწმუნდები, რომ ძალიან გაგიმართლა. თავადაც გადავრჩი და საბედნიეროდ, არც სხვების დაავადების მიზეზად ვიქეცი. არ ვარ კორონავირუსის სტატისტიკის ნაწილი, მაგრამ პოსტ-კოვიდურ გართულებებს დღემდე ვებრძვი. სავარაუდოდ, ჩემნაირი ბევრია. თუმცა, ამდენი ნერვიულობაც არ მომიწევდა, აცრა რომ მომესწრო და არც ის იქნებოდა საკითხავი - გამიმართლებდა თუ არა იღბალი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.