COVID19
ჩინეთში მეორე ტალღისთვის ემზადებიან, აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაში გარდაცვალების ფაქტები საგანგაშოდ იზრდება
პეკინში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს პეკინიდან და პეკინის მიმართულებით დაგეგმილი შიდა ფრენების 70 პროცენტი გაუქმდა.
გზები და მაგისტრალები ჯერჯერობით ჩაკეტილი არ არის, მაგრამ ქალაქის დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი და ნებისმიერი პირი, რომელიც პეკინს ტოვებს, ვალდებულია, წარმოადგინოს საბუთი, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ხელისუფლებამ კოვიდ 19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით განგაშის მეორე დონე გამოაცხადა. დაიხურა საბავშვო ბაღები და სკოლები.
პეკინში კორონავირუსის დაინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული კვირის ხუთშაბათიდან დღემდე ქალაქში კორონავირუსის 137 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა უმეტესობა ახალ, ე.წ. „ბაზრის კლასტერს“ უკავშირდება.
კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რაოდენობის მიხედვით ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება - აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი.
რთული მდგომარეობაა ბრაზილიასა და ინდოეთში. გასული დღე-ღამის მონაცემებით, კორონავირუსით ბრაზილიაში 37 278 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1 338 გარდაიცვალა. სულ ინფიცირებულია 928 834 და გარდაცვლილია 45 456 ადამიანი.
რაც შეეხება ინდოეთს, COVID 19 აქ 11 135 პირს დაუდასტურდა და 2 006 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში 354 161 ადამიანია ინფოცორებული და 11 921 გარდაცვლილი.
კვლავ სიის სათავეშია ამერიკა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 208 400-ს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილია 119 132 ადამიანი. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 25 450 ადამიანს დაუდგინდა, 849 კი გარდაიცვალა.
სიაში მეხუთე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი. გასული დღე-ღამის მონაცემებით, კორონავირუსით ინგლისში 1 279 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 233 გარდაიცვალა. სულ ინფიცირებულია 298 136 და გარდაცვლილია 41 969 ადამიანი.
16 ივნისის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში, კორონავირუსით სულ 8 274 763 ადამიანი დაინფიცირდა და 446 392 გარდაიცვალა.
Տարածեք :