COVID19
ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირების ნაწილი კარანტინშია, ნაწილი არა
კოვიდინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ადამიანებიდან საკარანტინე სივრცეში ნაწილი გადაიყვანეს. მეორე ნაწილი ტესტის პასუხის შემდეგ ისევ საზოგადოებაშია, ზოგიერთები კი თვითიზოლაციის წესებს იცავენ.
ფრაქცია „ქართული-ოცნება ახალციხე“-ს თავმჯდომარეს სამველ ოვეიანს კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტი ჰქონდა. ოვეიანმა ინფორმაცია „მეცხრე არხთან“ დაადასტურა. მიუხედავად ამისა, იგი საკარანტინე სივრცეში არ იმყოფება.
„მე კვირას, ქელეხზე ვიმყოფებოდი და მაგ კაცს ხელით მივესალმე. ტესტი ჩამიტარეს, მაგრამ კორონავირუსი არ მაქვს. ამჟამად ახალციხეში ვიმყოფები“, - ამბობს სამველ ოვეიანი.
მის გარდა დაკრძალვაზე იმყოფებოდა ფოტოგრაფი სამველ ეფრანოსიანიც. მისი თქმით, ტესტი საკუთარი სურვილით აიღო, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა გარისკვის საშუალებას არ აძლევს.
"სასაფლაოზე ვიყავი გასული. დაკრძალვის ცერემონია რომ დასრულდა, წამოვედი. ტესტი მე თვითონ გავიკეთე ჩემი ინტერესიდან გამომდინარე. გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, დიაბეტიც მაქვს. სტუდია ჩავკეტე, რომ კარანტინში არ გადავეყვანე. თვითიზოლაციაში სახლში მარტო ვარ და ვიცავ ყველა წესს", – აცხადებს "მეცხრე არხთან" ფოტოგრაფი.
შეგახსენებთ რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტის გამო, "ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავე პარტიის წევრი, ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში იმყოფებიან. რატომ არ შეეხო კარანტინის წესები ყველას თანაბრად – ამ კითხვის დასმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსთან ვცადეთ. თუმცა ფატი ხაბულიანი ჯერ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, მოგვიანებით შეტყობინება გამოაგზავნა, რომ მოგვიანებით გადმორეკავდა, თუმცა ტელეფონი ამის შემდეგ საერთოდ გამორთო.
ბაკურიანის გარდა, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია სასტუმრო ,,გრანდ პალასში" განთავსებულ საკარანტინე სივრცეში.
Տարածեք :