სოფელ არალში მასწავლებლის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში კოვიდ19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდდადებითია ქალი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა თანასოფლელთან - სასწრაფო დახმარების ინფიცირებულ ექთანთან.
ტესტის პასუხი ოჯახმა დღეს, 29 სექტემბერს საღამოს შეიტყო. საქმის კურსშია სოფლის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, სადაც ინფიცირებული ქალის ქმარი მასწავლებლად მუშაობს. დირექტორმა "მეცხრე არხთან" განაცხადა, რომ ჯანდაცვის უწყებიდან რეკომენდაციებს ელის, როგორ გააგრძელოს მუშაობა სასწავლო დაწესებულებამ.
"გვიან, არაოფიციალურად, ტელეფონით შევიტყვე ამის შესახებ, რესურსცენტრი საქმის კურსში ჩავაყენე, დილით მივალთ სკოლაში და ვიმოქმედებთ ისე, როგორც გვეტყვის ჯანდაცვა. რაც საჭიროა იმ ღონისძიებებს გავატარებთ. ჩვენ ასეთი სიტუაციისთვის სამოქმედო გეგმაც გვაქვს", - ამბობს მარო ჩხიტუნიძე.
იმის გამო, რომ ინფიცირებული სკოლის მასწავლებლის მეუღლეა, სოფელში არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სწავლა დროებით დისტანციურად გაგრძელდეს.
"ოჯახში სამი წევრია, ცოლ-ქმარი და შვილი. ახლა ვრეკავდი და არ მიპასუხეს. სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავა თუ რა მოხდება, ამაზე ხვალ გვექნება ზუსტი ინფორმაცია, დეტალები", - გვითხრა სოფლის დეპუტატმა ზურაბ ფეიქრიშვილმა.
ეს სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 26-ე შემთხვევაა.
რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ადიგენში, ოფიციალური მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი.