,,ხელისუფლებას არ გამოუვა ის ტრიუკები, რითიც არის დაკავებული" - დავით უსუფაშვილი
დარწმუნებული ვარ, ქვეყანა მიიღებს პროპორციულ არჩევნებს და ხელისუფლებას არ გამოუვა ის ტრიუკები, რითიც არის დაკავებული ,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სახელისუფლო წრეები პოლიტიკური არეულობის მოწყობას ცდილობენ.
„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სახელისუფლო წრეები ცდილობენ პოლიტიკური არეულობის მოწყობას, რაც არ გამოუვათ. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა მიიღებს პროპორციულ არჩევნებს და ხელისუფლებას არ გამოუვა ის ტრიუკები, რითიც არის დაკავებული. სანამ პროპორციულ არაჩევნებზე საკონსტიტუციო ჩანაწერი არ გვექნება ხელთ, მანამდე დამშვიდება არის არასწორი. ვამბობდი, რომ დავკარგეთ დრო სამი თვე. პარლამენტმა საზაფხულო არდადეგები მოიწყო იმის ნაცვლად, რომ ეს საკითხი დაეძრა წინ. ახლა გვაქვს კრიზისული მდგომარეობა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის განმარტებით, თუ ხელისუფლება დანაპირებს უკან წაიღებს, ოპოზიციის ერთად დგომით, ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგმება.
„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ერთად დგომით, ჩვენი საერთო პოზიციით, თუ ხელისუფლება უკან წაიღებს დანაპირებს, მაშინ ქარველ ხალხთან ერთად გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და ადეკვატური ნაბიჯები. მგონია, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავს თავისი სიტყვის უკან წაღებას. ერთადერთი საფრთხეა, რომ ხედავენ, „ოცნების“ რეიტინგი წინ კი არა, უკან მიდის. „ოცნებას“ და ივანიშვილს წარმოდგენა არ შეუძლიათ, რომ პროპორციული არჩევნების შედეგად შესაძლოა, კოალიციურ პარტნიორებთან მოუწიოთ მოლაპარაკება და ძალაუფლების განაწილება“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, ახლა კი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს. მაჟორიტარები პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გუშინ, 12 ნოემბერს, პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა.