15 აპრილიდან ოთხ დიდ ქალაქში 10 დღით მიმოსვლა შეწყდება - გიორგი გახარია
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, პრემიერი დღეს შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა.
,,გვაქვს პირველი შემთხვევა, როცა 24 საათში გვყავს 30 ინფიცირებული. ქვეყანაში გვაქვს სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპი. სამწუხაროდ, ვერავინ გვეუბნება ზუსტად როდის გვექნება პიკი. ამიტომ, ამ გაურკვევლების გამო, 15 აპრილის 21:00 საათიდან 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 10 დღით შეიზღუდება ამ ქალაქებში შესვლა და გამოსვლა. ასევე მივმართავ პარლამენტს, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს 10 მაისამდე.
რაც უფრო თანმიმდევრულები ვიქნებით, მით უფრო სწრაფად შევძლებთ იმ ეკონომიკური და ბიზნესგეგმების განხორციელებას, რომელიც შემუშავებული აქვს მთავრობას.
მიუხედავად ამისა, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში, ზედმიწევნით მნიშვნელოვანია, რომ სრულად შევასრულოთ ყველა შეზღუდვა, რათა მაისის მეორე ნახევრიდან მაინც შემსუბუქდეს მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ იცის რამდენი თვით მოგვიწევს შეზღუდვების გადავადება".
მთელი დღის განმავლობაში გიორგი გახარია დისტანციურ რეჟიმში შეხვედრებს მართავდა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან.
13 აპრილს, იგი ჯანდაცვის მინისტრთან და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა.