პოლიტიკა
ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატები თანაპარტიელებს წარუდგინა
ახალქალაქის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ, პარტიულ აქტივთან დღეს ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მერობის კანდიდატები წარადგინა. რადგან კანდიდატების დასახელება მხოლოდ თანაპარტიელებისთვის დაიგეგმა, შეხვედრა მედიისთვის დახურული აღმოჩნდა.
როგორც უკვე გაუწყეთ, ახალციხის მერობისთვის ირაკლი ლაზარაშვილი იბრძოლებს. მას კანდიდატობამდე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
ასპინძის მერის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მოქმედი მერი როსტომ მაგრაქველიძე წარადგინა.
ადიგენში კენჭს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გოჩა ქიმაძე იყრის. საკანონმდებლო ორგანოში ადიგენის ინტერესებს მაჟორიტარი დეპუტატი ორგზის იცავდა. 1999 -2008 წწ. იყო ფრაქცია ,,საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები"-ს წევრი.
რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტს, აქ მერობისთვის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ოთარ არბოლიშვილი იბრძოლებს, ხოლო ნინოწმინდაში ასპინძის მსგავსად, მოქმედი მერი - ანივარდ მოსოიანი.
რაც შეეხება ახალქალაქის მერობის კანდიდატს, რომლის წარდგენა თანაპარტიელებთან 27 ივლისს გაიმართა, საკრებულოს დეპუტატი მელქონ მაქარიანია.
Տարածեք :