აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა.
როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება.
„კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების პროცესშია და უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი საკრებულოსთვის“, - განაცხადა ხმალაძემ.
კითხვაზე: შეეხება თუ არა აკრძალვა ელიავას ბაზრობის ტერიტორიას? ხმალაძემ განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით ერთი ან ორი კვირის განმავლობაში გააკეთებენ განცხადებებს და გააცნობენ საზოგადოებას მათ პოზიციას.
„რაც შეეხება აალებად და გარემოს დამაბინძურებელი საქონლით ეკონომიკურ საქმიანობას, ეს თემა არ ეხება მხოლოდ ელიავას ბაზრობას და ეხება ყველა იმ ადგილს, სადაც ასეთი ტიპის საქონლით ვაჭრობა და გარემოს დაბინძურება, ასევე ნორმალური საცხოვრებლის პირობების დაზიანება ხდება“, - განაცხადა ხმალაძემ.