ეკონომიკა
საქართველოში ღარიბების რიცხვი 18%-ით გაიზარდა
საქართველოში უკიდურესად ღარიბი ადამიანების რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. ბოლო ერთ წელიწადში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობას იღებენ, დაახლოებით, 18%-ით მოიმატა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა (უკიდურესად გაჭირვებულების) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83 296 ადამიანით არის გაზრდილი.
სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 458 468-ს შეადგენდა, 2021 წლის მარტში კი 541 764 შეადგინა, რაც მთლიანი მოსახლეობის 14,5%-ს შეადგენს.
ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მარტში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 922 247-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში 1 033 051 ადამიანია რეგისტრირებული.
Տարածեք :