ეკონომიკა
რას გულისხმობს ბანკებისთვის ძველი საგადასახადო სისტემა და გააძვირებენ თუ არა პროცენტს?
ირაკლი ღარიბაშვილმა საბანკო სექტორისთვის ცვლილებები დააანონსა, რაც გულისხმობს, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. მათთვის შენარჩუნდება არსებული სისტემა. ესტონური გადასახადის მოდელის შესახებ ჩანაწერი კი გაუქმდება.
ამ საკითხზე განმარტება „მეცხრე არხმა“ “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელს გიორგი კეპულაძეს სთხოვა. მისი თქმით, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი,ბიზნესს მოგებული თანხის საქმეში ჩაბრუნების საშუალებას აძლევდა, თუმცა ეს არ ვრცელდებოდა კომერციულ ბანკებზე.
„როგორც ვიცით 2018 წლიდან შემოვიდა მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რამაც საშუალება მისცა ბიზნესებს, რომ თუ მოგებას ჩააბრუნებდნენ საქმეში, მოგების გადასახადს არ გადაიხდიდნენ , თუმცა ეს ერთგვარი მოგების გადასახადის გაუქმება არ გავრცელდა კომერციულ ბანკებზე. მთავრობა ყოველ წლიურად გეგმავდა რომ გაეუქმებინა ეს წესი, მაგრამ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კი არ გაუქმდეს, არამედ 2024 წლიდან ხუთი პროცენტითაც გაიზარდოს. ანუ კომერციული ბანკებისთვის მოგების გადასახადი 15 -დან 20 პროცენტამდე გაიზრდება. ამის არგუმენტი კი ბანკების დიდი მოგება იყო„ - ამბობს კეპულაძე.
კეპულაძის განცხადებით, ეს მოვლენა არასასიამოვნოა უცხოური ინვესტორებისთვისაც, რადგან არც ერთ უცხოელს არ უყვარს მერყევი და არამყარი საგადასახადო სისტემა, რაც თავის მხრივ ცუდად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც.
„ამ მოვლენას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი ვერ ექნება, საუბარია მაქსიმუმ 100 მილიონზე წლიურად ბიუჯეტში, რაც ბანკებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. თუმცა განზრახვა იყო პოპულისტური, რომ რადგან ბანკებს დიდი მოგება აქვთ სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად ბეგრავს. რამდენად მიაღწევენ შედეგს ამას მოგვიანებით გავიგებთ, თუმცა ფაქტია, რომ ეკონომიკური ეფექტი დიდად არ ექნება.
ეს იქნება ძალიან ცუდი გზავნილი უცხოელი ინვესტორებისთვისაც. ქვეყნისთვის, რომელიც წლების განმავლობაში აუქმებდა, ამცირებდა გადასახადებს, როდესაც რამე ტიპის გადასახადი იზრდება მითუმეტეს ფინანსურ სექტორში, რომელიც უცხოური ინვესტიციების ერთ- ერთი მთავარი შემომტანია, ნამდვილად არ არის კარგი სიგნალი და გზავნილი ინვესტორებისთვის და არავის არ უყვარს ქვეყნები, სადაც გადასახადები იზრდება და ბიზნეს გარემო არ არის განჭვრეტადი“ - აღნიშნა ეკონომისტმა.
რაც შეეხება ამ მოვლენის მოსახლეობაზე ასახვას, გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ შესაძლოა მომხმარებლებზე პირდაპირი გავლენა არ ჰქონდეს, თუმცა ეს მათ ირიბად მაინც შეეხება. კეპულაძე ასევე ვარაუდობს, რომ მთავრობის ამ ნაბიჯმა შესაძლოა ისევ მათი საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს.
„რაც შეეხება მომხმარებლებს, ეს მათზე შეიძლება პირდაპირ არ აისახოს, თუმცა ირიბად მაინც აისახება იმიტომ, რომ ბანკებმა უნდა მოძებნონ რაღაც გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, ეს გამოსავალი იმედია საპროცენტო განაკვეთების ზრდა არ იქნება.
მოსახლეობამ ეს ამბავი ორაზროვნად გაიგო გაიგო, რომ თუ მთავრობა ბანკებს გადასახადებს გაუძვირებს, ბანკები მათ საპროცენტო განაკვეთს გაუძვირებენ. შესაბამისად ეს ქმედება მთავრობას შეიძლება პირიქითაც კი შემოუბრუნდეს.“ - აღნიშნა კეპულაძემ.
შეგახსენებთ,რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს, ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება. იმ პერიოდში ითქვა, რომ ეს შეღავათი საფინანსო სექტორს 2019 წლიდან შეეხებოდა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს პროცესი 2023 წლამდე გადავადდა.
Տարածեք :