ეკონომიკა
საქართველოში ქორწინების ოქროს ბეჭედი გაიაფდა - საერთაშორისო ბირჟებზე კი ოქრო ძვირდება
საქსტატის ივნისის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 5.64%-ით გაიაფდა.
გასული წლის სექტემბერში ოქროს მკვეთრად, 1630 დოლარამდე გაიაფების შემდეგ, საერთაშორისო ბირჟაზე ფასები იზრდება და ამჟამად 1 უნციის ღირებულება 1 900 დოლარის ფარგლებშია. ამ პირობებში, იზრდება ოქროს ექსპორტი საქართველოდანაც.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ქვეყნიდან 38.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.29 ტონა ოქრო გავიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე 35.1 მლნ აშშ დოლარის 1.09 ტონა ოქრო გავიდა. მაჩვენებლები, შესაბამისად, 8.8%-ითა და 18.3%-ითაა გაზრდილი.
წელს ოქრო მხოლოდ სამ ქვეყანაში გავიდა, ესენია:
- შვეიცარია - 32.1 მლნ აშშ დოლარი;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.4 მლნ აშშ დოლარი;
- თურქეთი - 4.7 მლნ აშშ დოლარი.
Տարածեք :