საქართველო წელს 30%-ით მეტ თხილის მოსავალს ელოდება - რა ღირს ნედლი თხილი ბაზარზე
თხილის მოსავლის მიღების აქტიური პროცესი მთელს საქართველოში 5-10 აგვისტოდან დაიწყება.
მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 50 000 ტონას აჭარბებს, რაც გასული წლის მოსავალზე 30%-ით მეტია - ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი თოდუამ განაცხადა.
მისი თქმით, გაზრდილია ხარისხი და ფასიც.
„ბოლო მონაცემით, ნედლი თხილის ფასი 3 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მშრალი თხილის ფასი 4 ლარია. რაც შეეხება ხარისხს, ამის ბოლომდე შეფასებისთვის პროცესი აქტიურ ფაზაში უნდა იყოს, რაც სულ რამდენიმე დღეში მოხდება. თუმცა, წინასწარი შეფასებით, ხარისხი გასულ წელზე ბევრად უკეთესია. ფასსაც ეს განაპირობებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1 კგ ნედლი თხილი 1.5-2 ლარი ღირდა", - განაცხადა თოდუამ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან თხილის კადასტრის შექმნამ და სუბსიდირების პროგრამამ ფერმერებს მისცა საშუალება, წამლობის პროცესი სრულად განეხორციელებინათ.
„მოგეხსენებათ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოყო 20 მლნ ლარი დამატებით თხილის სექტორისთვის. აქედან ფერმერები 1 ჰა-ზე 500 ლარს იღებდნენ აგრო ვაუჩერის სახით. ეს რადიკალურად კარგი ცვლილებების საფუძველი გახდა. წელს, მოსავალი, სავარაუდოდ, გასცდება 50 000 ტონას, რაც გასულ წელზე 30%-ით მეტია. აქ მხოლოდ რაოდენობაზე არ არის საუბარი. გასულ წელს ხარისხიც არ იყო მისაღები და ამაზე ასოციაცია მუდმივად საუბრობდა.
წამლობასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსავლის დროულ აღებასა და შრობის სწორ პროცესს. შემდეგ კი, სტანდარტის მიხედვით დასაწყობებას. ვხედავთ, რომ ფერმერებმა, რომლებმაც ყველა წამლობა ჩაატარეს და სრულად იცავენ წესებს, მიიღეს პრემიუმ ხარისხის თხილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული და გამოცდილება სხვა ფერმერებისთვისაც. ცხადია, პრემიუმ ხარისხი უფრო ძვირი ღირს 1-2 ლარითაც კი. განწყობა და მოლოდინი ახლა პოზიტიურია.
შედეგები სახელმწიფომ და ფერმერებმა ერთად მიიღეს. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მოვუწოდო ფერმერებს, რომ მოსავლის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე განახორციელონ წამლობები, სანამ სრულ მსხმოიარობაში მივიღებთ პროდუქციას, ეს გაზრდის მათ პროდუქციის ხარისხს" - განაცხადა გიორგი თოდუამ.
შეგახსენებთ, 2022/23 სეზონურ წელს თხილის გლობალურ მწარმოებლებს შორის საქართველო მე-6 ადგილზეა.