ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების პროცენტი განსაზღვრა
"ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება პრევენციული ხასიათისაა და ეს სწორი მიდგომაა", - ამის შესახებ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბა) ანალიტიკოსი, ბაჩო ჯინჭარაძე აცხადებს.
,,ვფიქრობ, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მეტწილად, ლარის გაცვლითი კურსის შემდგომი ნაკლები რყევებისკენ მიმართული გადაწყვეტილებაა. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, ეროვნული ბანკი, საჭიროებისას, ინფლაციის პროცესზე გარკვეულ ზეგავლენას ახენს. ეს მის ხელთ არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
თავის მხრივ, ინფლაცია, ბოლო პერიოდში, კლების ტენდენციით ხასიათდება. აგვისტოს თვეში წლიური ინფლაციის დონემ 1% შეადგინა. ეს მაჩვენებელი იძლეოდა იმის პლაცდარმს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შერბილებულიყო, ეკონომიკაში "ფულის ფასი" შემცირებულიყო და რეფინანსირების სესხებზე მიბმული ძველი თუ ახალი სესხები უფრო გაიაფებულიყო. თუმცა, ეს ასე არ მოხდა და ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი, წინა საარჩევნო პერიოდში, როცა შესაძლოა სავალუტო რყევების რისკი გაიზარდოს, ამ მომენტის პრევენციაში უნდა ვეძებოთ.
ცხადია, მხოლოდ ეს არ განსაზღვრავს ლარის სტაბილურობას. აქ გასათვალისწინებელია ყველა ის ეკონომიკური პარამეტრი, რომლითაც ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოედინება. მაგალითად, ექსპორტი, ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა.შ. თუმცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ერთ-ერთი მექანიზმია, რომლითაც სებ-ს გარკვეული ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ინფლაციაზე და ამავდროულად ეროვნულ ვალუტაზეც (საუბარია ამ არხით ეკონომიკაში ფულის მასის მოცულობის კონტროლზე).
შეჯამებისთვის, ინფლაციის დონე მონეტარული განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლეოდა, თუმცა, ეროვნულ ბანკში, როგორც ჩანს, ფრთხილი პოლიტიკის გატარებას აგრძელებენ და ეს ამ მომენტში სწორ მიდგომად მიმაჩნია", - აღნიშნავს აფბას ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.