ქართულ ბანკებში რუბლის დეპოზიტები გაიზარდა
ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართულ კომერციულ ბანკებში რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 593.4%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ბოლო, ნოემბრის მონაცემებით, რუსულ რუბლში სულ განთავსებული იყო 104.270 მლნ ლარის მოცულობის რუბლის დეპოზიტები, მაშინ, როდესაც 2021 წლის ნოემბერში რუბლის დეპოზიტები მხოლოდ 15.036 მლნ ლარს შეადგენდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში რუბლის დეპოზიტების მოცულობამ 23.842 მლნ ლარი შეადგინა, 2023 წელს კი 84.790 მლნ ლარი.
რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 439.6 მლნ ლარით გაიზარდა და 57.96 მილიარდი ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით არის გაზრდილი დეპოზიტების მოცულობა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის 48.32% შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.98 პროცენტული პუნქტით ნაკლებია (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0,83 პროცენტული პუნქტით).