საქართველოში შაქარი ძვირდება
მთავრობამ შაქრის საიმპორტო გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. გადასახადი 22 აპრილიდან ამოქმედდება და ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება. შედეგად, იმპორტიორებს 1 კგ შაქრის შემოტანისთვის დამატებით 40 თეთრის გადახდა მოუწევთ, რაც ტონაზე 400 ლარიანი მოსაკრებელია.
„ნებისმიერი ტიპის ახალი გადასახადი ფასზე აისახება. ამასთანავე, გადასახადები იმ კომპანიების საქმიანობაზეც ნეგატიურად აისახება, რომლებიც ახორციელებენ იმპორტს. რა თქმა უნდა, გადასახადები აისახება პროდუქციის ფასში“, - აცხადებენ რიჟამაძე.
მისი თქმით, შაქარზე საიმპორტო გადასახადის დაწესება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას ემსახურება. თუმცა, რიჟამაძემ განმარტა, რომ მთავარი საკითხი იქნება ის, თუ რამდენად შეძლებს შაქრის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანია მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ფასების შენარჩუნებას.
მოსალოდნელია, რომ ახალი გადასახადების ფონზე, გარკვეულწილად, შემცირდება შაქრის იმპორტიც.
რაც შეეხება სტატისტიკას, მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 11 084 ტონა შაქარი იყიდა, ჯამში ღირებულება 7 მლნ დოლარს აჭარბებს. მონაცემები აჩვენებს, რომ წლიურად იმპორტი თითქმის 47%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2024 წლის იმავე პერიოდში იმპორტირებული იყო 6 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 7 548 ტონა შაქარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საქართველოს შაქრის იმპორტი 17 ცენტით გაუიაფდა (გადასახადების გარეშე). კერძოდ, გასულ წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 80 ცენტი იყო, წელს კი 63 ცენტამდე შემცირდა.
საქართველოში შაქრის უდიდესი ნაწილი საფრანგეთიდან შემოდის. უფრო კონკრეტულად, ამ ბაზრის წილი შაქრის იმპორტში თითქმის 45%-ს შეადგენს. დანარჩენი ქვეყნებია უკრაინა, პოლონეთი, რუსეთი და ნიდერლანდები.