საზოგადოება
ნადირობა ნანადირევის გარეშე
სამცხე-ჯავახეთში მონადირეებს მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შეუძლიათ.
ფრინველთა სახეობა მკვეთრად შეზღუდულია, რასაც ადგილობრივი მონადირეები აპროტესტებენ.
70 წლის ნუგზარ ზედგინიძე ბავშვობიდან ნადირობს. თავისუფალ დროს, თუ ნადირობის სეზონი გახსნილია, ჯავახეთში მწყერზე სანადიროდ დადის.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა მანამ სრულდება, სანამ ისინი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე გადმოვლენ. ადგილობრივი მონადირეების თქმით, იხვები რეგიონში 10-15 მარტს ჩნდებიან, ნადირობა კი 1-ელ მარტს სრულდება.
„ფრინველები მოდიან, მრავლდებიან და უკან მიდიან, მაგრამ ადგილზე სათანადოდ არავინ უვლის. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე იხვები და სხვა სახეობები უნდა გამოკვებონ, რასაც არ აკეთებენ. ამიტომ არაა აუცილებელი, ამ ადგილს დაცული ტერიტორიის სტატუსი ჰქონდეს“, - ამბობს მონადირე.
ნუგზარ ზედგინიძე წლების მანძილზე ,,მონადირე-მეთევზეთა საზოგადოებას“ ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ 2003-2005 წლებში სამცხე-ჯავახეთში 800 ლიცენზირებული მონადირე ირიცხებოდა. 2005 წელს ორგანიზაციას უფლებამოსილება შეუწყდა და მას შემდეგ რეგიონში მონადირეების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
„ახლა ყველაფერი სახელმწიფოს კუთვნილებაა. მიუხედავად უფლებამოსილების შეწყვეტისა, მონადირეები მაინც ვიკრიბებით. ბეჭედი და შტამპი კი გვაქვს, მაგრამ თან არც არაფერი გვაქვს“ - ამბობს ნუგზარ ზედგინიძე.
ნადირობა 15 წლის ასაკში დაიწყო მერაბ სამსონიძემ. გამკაცრებული რეგულაციების გამო კი, ორი წლის წინ, იარაღი გაყიდა.
,,ისეთი უაზრო კანონები მიიღეს, ნადირობა შემაძულეს. თუ მსოფლიოში ჭაობის ქათამზე ნადირობა შესაძლებელია, ჩვენთან ესეც აკრძალულია“ - ამბობს მერაბ სამსონიძე.
ექვსი წელია ლიცენზირებული მონადირეა რატი დიასამიძე. ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ნებისმიერი სახეობის ცხოველის მოკვლა აკრძალულია, ნადირობა ნებადართული მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზეა. ამიტომ მონადირეები იძულებულნი არიან, რეგიონში ძირითადად, მწყერზე ინადირონ.
,,სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სამცხე-ჯავახეთში არ არსებობს სანადირო მეურნეობა, სადაც ფულს გადაიხდი და შეგიძლია მაგალითად, ტახზე ინადირო. ნინოწმინდაში ყველა ტბა დაცული ტერიტორიის შემადგენლობაშია, ეს ნიშნავს, რომ იქ ნადირობა ისედაც აკრძალულია. ანუ სანადირო ადგილი მხოლოდ მდინარეებსა და ტბებზე რჩება“ - ამბობს რატი დიასამიძე.
მესხ მონადირეებს, რომლებიც ნადირობის სეზონის ვადებზე კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ, არ ეთანხმება სსიპ ველური ბუნების სააგენტოს უფროსი. რევაზ ბეჟაშვილის თქმით, გლობალული დათბობის გამოა, რომ ბოლო ორი წელია აზოვის ზღვისპირეთის, კრასნოდარისა და სტავროპოლის წყალსაცავები აღარ იყინება, ამის გამო ფრინველები საქართველოს გავლით თბილ ქვეყნებში აღარ მიფრინავენ.
,,თუ მოფრინავს, ისიც ძალიან მცირე რაოდენობა. ჯავახეთში კი არის ადგილობრივი პოპულაცია. გაზაფხულზე მათზე ნადირობას ვერ დავუშვებთ, რადგან ამ პერიოდში დაწყვილებულები არიან და გამრავლების პერიოდი აქვთ“.
იხვების მიმოფრენის გრაფიკსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებს შორის აცდენაზე მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში არ ჩივიან. სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევით ცენტრ „ნაკრესში“ ამბობენ, რომ ნადირობის სეზონში ცვლილებების შეტანას საფუძვლიანი კვლევა სჭირდება.
„საქართველო გადამფრენ ფრინვლეთა მთავარი საემიგრაციო გზაა. ნადირობა ძალიან ფაქიზი თემაა. მეორე წელს რომ ადრე მოფრინდეს და გაფრინდეს, მაშინ სეზონის ცვლა ყოველთვის მოგვიწევს. კლიმატის ცვლილებასთან ერთად ეს ყველაფერი არაკონტროლირებადი გახდა. შესაძლებელია რაღაც გამონაკლისი იქნეს გათვალისწინებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან მიმართებაში“ ,- ამბობს „ნაკრესის“ წარმომადგენელი ირაკლი შავგულიძე.
თუმცა, საკითხის გადაჭრა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული, რადგან ჯავახეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტია გადამფრენი ფრინველებისთვის.
,,საქართველო გაწევრიანებულია რამდენიმე საერთაშორისო კონვენციაში. შესაბამისად, საერთაშორისო კანონმდებლობა იცავს გადამფრენ ფრინველებს“ - ამბობს ირაკლი შავგულიძე.
ნადირობის სეზონი აგვისტოს მესამე შაბათს დაიწყება. იმისთვის, რომ მონადირემ საქართველოში გარეული ცხოველის მოკვლის უფლება მიიღოს, ხანგრძლივი პროცედურებია საჭირო. მოქალაქემ ადგილობრივ ხელისუფლებას ფოტომასალა და სხვა არგუმენტები უნდა წარუდგინოს, რომ ნადირი დასახლებულ პუნქტს საშიშროებას უქმნის. მხოლოდ ამის შემდეგ, რამდენიმე კვირაში მიიღებს მაგალითად, მგლის მოკვლის ნებას. გარდა ამ სირთულისა, შეზღუდულია დასახოცი ნადირის რაოდენობა.
,,ხალხს ეშინია, რადგან ინფორმაცია არ აქვს. ადამიანმა სპეციალურად კი არ უნდა მოკლას, არამედ ჩასაფრებით, როცა მგელი მოდის სოფელში და მას ზიანს აყენებს. მერე ეს უნდა დაფიქსირდეს მერიაში და შესაბამის უწყებებში. წელს ჩვენთან, დაშვებულია 8 მგლის მოკვლა, მაგრამ ამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს", - ამბობს ნუგზარ ზედგინიძე.
სსიპ ველური ბუნების სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი მონადირეებს ამ ნაწილში ეთანხმება და ამბობს, რომ გარეული ცხოველების შესახებ კანონი დასახვეწია.
„10 წლის წინ დაწერილი ეს საკანონმდებლო ნორმა მიუღებელია. პროცედურა გრძელი და გაწელილია. ამ მხრივ ცვლილებელი აუცილებელია“ - ამბობს რევაზ ბეჟაშვილი.
„ნაკრესის“ წარმომადგენლის ირაკლი შავგულიძის აზრით, მგლისგან და ტურისგან თავდაცვის კარგი საშუალებაა, სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ ძაღლი იყოლიოს.
Տարածեք :