გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დაიწყო
ნადირობის სეზონი კანონის მიხედვით, აგვისტოს მეოთხე შაბათს დაიწყო. დღეიდან, 22 აგვისტოდან შესაბამისი ნებართვის მქონე პირებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შეუძლიათ.
ჩვეულებრივი გვრიტის სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე. შეიცვალა ტყის ქათამზე ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან 1 მარტამდე პერიოდით.
ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრულია გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით.
ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.