საზოგადოება
სიღარიბე, რომელიც პარლამენტიდან არ ჩანს
საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან, რთულდება. თითქმის, ერთწლიანი ეპიდემიის ფონზე, სულ უფრო მეტ ოჯახს უმცირდება შემოსავალი. მეათე მოწვევის პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ადამიანები არ შიმშილობენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები კი საპირისპიროს აჩვენებს. ერთ წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მარტოხელა დედას, ნატალია ვლასოვას გაუმართლა, რადგან მის შვილებს კარტოფილი უყვართ. ამიტომ ყოველ დღე, ამ ბოსტნეულისგან მომზადებული კერძის ჭამა, დიდ დისკომფორტს არ უქმნით. კარტოფილის გარდა, ოჯახის ყოველდღიურ მენიუში მაკარონი და ზეთია.
„თუ ვიყიდი ორი ლარის მაკარონს, იმას გავყოფ და ორ გაკეთებაზე მაინც ვიმყოფინებ. სურსათის ფასებმა ძალიან აიწია. „გრეჩიხა“ ლარნახევარი რომ იყო, თითქმის ხუთი ლარი გახდა. რასაც ყოველდღიურად ვჭამთ, ის ყველაზე ძვირი გვიჯდება. ხორცზე ზედმეტია ლაპარაკი“, - ამბობს ნატალია ვლასოვა.
მარტოხელა დედა ახალციხეში, ძმასა და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, ავარიულ სახლში ცხოვრობს. 43 წლის ქალი ყოველ დღე სამ ობიექტს ალაგებს, სანაცვლოდ კი თვის ბოლოს ხელფასის სახით, 300 ლარს იღებს. ეს და სახელმწიფოს მიერ, ერთ-ერთი შვილისთვის დანიშნული 100-ლარიანი დახმარება, ოჯახის ერთადერთი შემოსავალია.
„რასაც მე ვშოულობ, კვებაში ძლივს მყოფნის. ხუთლარიანი სამსახურიც რომ იყოს, მივდივარ და ვმუშაობ, რომ იმ ფულით ბავშვებს რაღაც ვუყიდო. შეიძლება ერთი თვე ისე გავიდეს, რომ ხილი ვერ ვიყიდო“.
საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს - ეს UNICEF-ის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგია. საერთაშორისო ორგანიზაცია ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობას, 2009 წლიდან იკვლევს. ბოლო კვლევა 2017 წელს ჩატარდა. მიღებული მონაცემებით, ოჯახების 22,5% ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
კარტოფილი, პური და ბურღულეული - ასეთია მოქალაქეების ნაწილის ყოველდღიური მენიუ. ახალციხეში ამბობენ, რომ იკვებებიან იმით, რაც იაფი და ხელმისაწვდომია.
„დამავიწყდა უკვე, რა არის სრულყოფილი კვება. რაც გამაჩნია იმით ვიკვებები, ძირითადად, კარტოფილი და პური. მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, 140 ლარი მაქვს შემოსავალი, როგორღაც გამაქვს თავი“.
„კარტოფილი, ყველი, პური - ძირითადად, სოფლის პროდუქტები“.
„ადამიანმა კვირაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვას ხორცი, ქათამი ან თევზი. ეს არის სრულყოფილი კვება“.
ადამიანების მძიმე ყოფა პარლამენტიდნ არ ჩანს. დეპუტატების ნაწილს უკვირს, როცა მედიასაშუალებები შეჭირვებული ოჯახების შესახებ მასალებს ამზადებენ. საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მოქალაქეების უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად მუშაობენ, ხშირად ისმის განცხადებები, რომ ქვეყანაში არავინ შიმშილობს.
„ხშირად, სუპერმარკეტში ვხედავ ძალიან ბევრ რიგებს. მე ვფიქრობ, რომ სად არის ეს ბალანსი? როგორ არის, რომ ვერ ვიხდი ფულს იმდენი ხალხია, აბა ეს ვინ ხალხია, ქართველები არ არიან?“ - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ.
„მე მაინც მითხარით, ამხელა გამოცდილება მაქვს, ამდენი ინფორმაცია მაქვს, ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს?“ - ამ კითხვის ავტორი ლადო კახაძეა.
„იმას, რასაც პარტიული ტელევიზიები ყოველდღიურად აკეთებენ, თითქოს ქვეყანაში ბავშვები შიმშილის გამო ყოველდღიურად იღუპებიან, რა თქმა უნდა, არის სიცრუე“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.
ჯანსაღი საკვები და სრულფასოვანი კვება რომ სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს, ამაზე ექიმები არ დავობენ. სპეციალისტების თქმით, თუ ადამიანი ერთგვაროვანი პროდუქტით იკვებება, ეს არ ნიშნავს, რომ არ შიმშილობს. ამ დროს მისი ორგანიზმი მინერალებისა და ვიტამინების შიმშილს განიცდის.
„შენი საკვები შენი წამალია - ასეთი დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ჰიპოკრატემ სრულფასოვან კვებას. ადამიანი უნდა იღებდეს ზუსტად იმ რაოდენობის ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, რომელიც მეცნიერულად დადგენილია. ჩვენთან ეს საკითხი არის ძალიან გამოსასწორებელი. ამიტომ ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო ნაკლებია, ვიდრე მაგალითად, ევროპაში“, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი მარინა ბერაძე.
საქართველოში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა რომ იზრდება, ამას დეპუტატების ნაწილი არა, მაგრამ ხელისუფლება თავისივე სტატისტიკით აღიარებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ბოლო ერთ წელში, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებენ, 22%-ით გაიზარდა. 2020 წელს საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ეს ციფრი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. თუმცა, საქართველოში ღარიბად თავს გაცილებით მეტი ადამიანი თვლის. მაგალითად, 2020 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებისთვის, მილიონ 2 427 პირმა მიმართა, დახმარება კი მათგან მხოლოდ ნახევარს ერგო.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს - 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის, 2 000-ით არის გაზრდილი. გასულ წელს სოციალური შემწეობა 37 830-მა პირმა ითხოვა, თუმცა დახმარებას 13 475 იღებს.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Տարածեք :