საზოგადოება
თამბაქოს ნაწარმის ღიად განთავსება აიკრძალა - ვინ არ ემორჩილება ახალ კანონს
ერთი თვეა, საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომელიც თამბაქოს ნაწარმის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ღიად განთავსებას კრძალავს. ამის მიუხედავად ახალციხეში, ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში სიგარეტი ხილულ ადგილებზეა განთავსებული.
1-ელ იანვარს ამოქმედებული კანონი, ახალციხის სავაჭრო ობიექტებში სხვადასხვანაირად აღიქვეს. მინი მარკეტების უმრავლესობამ თამბაქოს ნაწარმი დახლს მიღმა განათავსა, ქსელურ მაღაზიებში კი სიგარეტი კვლავ ვიტრინებზეა განლაგებული. კონსულტანტები ამბობენ, რომ დამოუკიდებლად არ მოქმედებენ, თამბაქოს ნაწარმის განთავსების შესახებ კი, მენეჯერისგან მითითება არ მიუღიათ.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ირღვევა მაღაზიათა ქსელში “ლიბრე“, „მაგნიტი“, და „სპარი“. სიგარეტი ვიტრინებზე ელაგა „ესქპრეს ქსელის“ ასპინძის ფილიალშიც. ახალციხის ფილიალის მენეჯერი დაკო გოგია გვეუბნება, რომ ასპინძაში მონიტორინგის ჯგუფი შემოწმებაზე იმყოფებოდა და სავაჭრო ობიექტს შენიშვნა მისცა. ამის შემდეგ თამბაქოს შავი „ჟალუზი“ ჩამოაფარეს ასპინძაშიც და ახალციხეშიც.
მაღაზიათა ქსელ „სპარის“ მმართველ დირექტორს ვკითხეთ, რატომ ირღვევა კანონი სავაჭრო ობიექტში. მირანდა მანჯგალაძე ამტკიცებს, რომ კანონის ყველა მოთხოვნას სრულად იცავენ.
„მაქსიმალურად არის დაცული ის, რაც დღეს ქვეყანაში კანონმდებლობით მოთხოვნილია“, - გვითხრა მან და კატეგორიულად უარყო, რომ ახალციხის ფილიალში კანონი ირღვევა.
განსხვავებული პოზიცია აქვთ „მაგნიტში“. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე გელაშვილი სატელეფონო საუბარში ირწმუნება, რომ ამ კანონის ამოქმედება 1-ელ მარტამდე გადაავადეს.
„თამბაქოს კონტოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიიჩნევენ, რომ ეს რეგულაცია ეფექტური განსაკუთრებით, ბავშვებსა და ახალგაზრდებში, თამბაქოს მოხმარების პრევენციისთვის იქნება.
“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ჯერ კიდევ ღიად აქვს გამოფენილი ეს ლეტალური პროდუქტი, დაუყონებლივ მოახდინოს კანონის აღსრულება. ასევე, თხოვნით მივმართავთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მკაცრი რეაგირება მოახდინოს ამ ნორმის დარღვევის ყველა შემთხვევაზე, რადგან საკითხი ეხება ჩვენი მომავალი თაობების თამბაქოს პროდუქტებისაგან დაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს”, - წერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
როგორ ხდება კანონის აღსრულება სავაჭრო ობიექტებში - ამის კონტროლს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს. უწყებაში ერთი კვირაა ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორ მიმდინარეობს მონიტორინგი ახალციხეში და როგორ რეაგირებენ სავაჭრო ობიექტების ნაწილში, ვიტრინებზე გამოტანილ თამაბაქოზე. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თამარ ანდრიაძის მიერ გამოგზავნილ ზოგად პასუხში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია 2 000-ლარიანი ჯარიმა, იგივე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას ჯარიმის თანხა შეადგენს 4 000 ლარს.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საგადასახადო ორგანო და განიხილავს შესაბამისი სასამართლო. დღეის მდგომარეობით, საგადასახადო ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პერიოდულად ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს ზემოხსენებული ნორმის შესრულების მონიტორინგს“.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ ამბობენ, რომ კანონის შესხებ სავაჭრო ობიექტებს საკმარისი ინფორმაცია აქვთ. ცვლილებები ჯერ კიდევ 2017 წელს განხორციელდა, თუმცა ეს ნორმა, რომელიც თამბაქოს ღიად განთავსებას კრძალავს, ძალაში 2021 წლამდე არ შესულა. ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ მათი მონიტორების მიერ შემოწმებულ სუპერმარკეტებში, კანონის დარღვევის ფაქტები საკმაოდ ხშირია, მათ შორის ქსელურ მაღაზიებში.
„მოვუწოდებთ სავაჭრო ობიექტებს, რომ არ ჩაიგდონ თავი უხერხულ მდგომარეობაში, არ შეუწყონ ხელი კანონის დარღვევას. როგორც ჩანს, ადმინისტრირება ჯერ არ მიმდინარეობს. შემოსავლების სამსახურს მოვუწოდებთ, კატეგორიულად, აუცილებლად მოახდინონ რეაგირება დარღვევის ყველა ფაქტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ კანონის აღმსრულებელი არ ასრულებს თავის ფუნქციას“, - ამბობს გიორგი ბახტურიძე. მისი თქმით, ალიანსის მონიტორებმა, ერთ თვეში ქვეყნის მაშტაბით ასეულობით ფაქტი გამოავლინეს, რაზეც სახელმწიფო თვალს ხუჭავს. არადა, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სხვადასხვა შეზღუდვის ამოქმედებით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება 4%-ით შემცირდა.
„ეს საკმაოდ დიდი დარტყმაა თამბაქოს ინდუსტრიისთის და ყველა ღონეს ხმარობენ, რომ პოპულარიზაციის საშუალებები ჰქონდეთ. მომავალი თაობა, როგორც მომხმარებელი არ დაკარგოს და კვლავ მოახდინოს თავისი ნაწარმის პოპულარიზაცია, რაც ძირითადად, ბავშვებზეა ორიენტირებული“, - აცხადებს ბახტურიძე.
2018 წლიდან საქართველოში აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, აღნიშნული აკრძალვა იწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას საშუალოდ 7%-ით,ზოგიერთ ქვეყანაში კი 16%-ით. ახალამოქმედებული კანონის მიზანიც ეს არის - მაქსიმალურად შემცირდეს არასრულწლოვანთა მიერ თამბაქოს მოხმარება და ნაკლებ ხელმისაწვდომი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Տարածեք :