სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტის, ანა არგანაშვილის თქმით, სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა - ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გამოიყვანონ და ისინი მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის თავშესაფრებში გადაიყვანონ. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.
"დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუყოვნებლივ, დღესვე, ამ წამს უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან". - თქვა ანა აბაშიძემ.
ანა არგანაშვილმა კი დააზუსტა:
"სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ პანსიონიდან. მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ტექნიკური დეტალია. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია".
ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 4 ივნისს მიმართა.
მათ სასამართლოს წარუდგინეს სხალთელი მთავარეპისკოპოსის, სპირიდონის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ის ბავშვებთან ერთად მაგიდასთან ზის და მათ შეკითხვებს უსვამს: სურთ თუ არა, რომ ისინი სოციალურმა მუშაკმა პანსიონატიდან წაიყვანონ. ბავშვები მას ტირილით პასუხობენ და დათრგუნულები არიან.
ეპისკოპოსმა ვიდეო ფეისბუქზე პირდაპირი ტრანსლაციით გაუშვა. შესაძლებელი იყო ბავშვების იდენტიფიცირება.
იურისტების შეფასებით, ეს ადასტურებს, რომ ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
PHR-მა შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტსაც მოსთხოვა შემაკავებელი ორდერის გამოწერა პანსიონის დირექტორის მიმართ. უწყებამ ამისთვის ორგანიზაციას რომელიმე ბავშვის მინდობილობა მოსთხოვა.
დღეს, 5 ივნისს ნინოწმინდის პანსიონში "ქართული ოცნების" წევრები და სოციალური მუშაკები შევიდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ზრუნვის სააგენტოს პროფესიული განვითარების უფროსმა, ელენე მარტაშვილმა თქვა, რომ სოციალური მუშაკები პანსიონში დარჩებიან იქამდე, სანამ თითოეული ბავშვის საჭიროება ინდივიდუალურად არ შეფასდება. მისი თქმით, ერთობლივი სამოქმედო გეგმა სწორედ ამ შეფასების შემდეგ შემუშავდება.
იგივე გაიმეორა ქართული ოცნების წევრმა, ბექა დავითულიანმა. მისივე თქმით, სოციალური მუშაკების პანსიონში შესვლა და დარჩენა ნიშნავს, რომ "თვითონაც, ბავშვებიც და ადმინისტრაციაც მშვიდად იქნებიან".
ომბუდსმენის წარმომადგენლებს პანსიონში, მთავარეპისკოპოს სპირიდონის გადაწყვეტილებით, კვლავ არ უშვებენ.
ამ დრომდე ნინოწმინდის პანსიონიდან, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, გაიყვანეს 6 ბავშვი. გადაყვანას ითხოვს კიდევ 10 აღსაზრდელი.
პანსიონში, სახალხო დამცველის ინფორმაციით, 57 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, მთავარეპისკოპოს სპირიდონის თქმით, მათი რაოდენობა 150-მდეა.
სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება, ერთი - გაუპატიურებას.
ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები დასჯის სასტიკ მეთოდებზე ლაპარაკობენ. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას.
ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.
2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეპისკოპოსმა სპირიდონმა ომბუდსმენის წარმომადგენლების პანსიონში შეშვებაზე უარი განაცხადა. პანსიონში შესვლის საშუალება მას ამ დრომდე არ აქვს.