"სტრესული წელი იყო" - მახარე მაცუკატოვი 2024 წელს აჯამებს
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ახალქალაქის ბიზნესცენტრის" ხელმძღვანელი მახარე მაცუკატოვი 2024 წელს აჯამებს და ამბობს, რომ მთელი წელი მისი ორგანიზაციისათვის სტრესული იყო.
ისევე, როგორც სხვა ორგანიზაციებისთვის "ახალქალაქის ბიზნესცენტრის" მუშაობაზე გავლენა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, განსაკუთრებით კი ე.წ "რუსული კანონის" მიღებამ მოახდინა. ამიტომ, 2024 წლის შეჯამებაზე საუბრისას, ყველა მათგანის მთავარი სასაუბრო თემა, თავისთავად ეს კანონია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მაისში მიიღო.
"2024 წელი ძალიან სტრესული იყო არამხოლოდ ჩემი ორგანიზაციისთვის, ზოგადად ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის. სახელმწიფომ, ჩვენთვის სტრესული გარემოს შექმნა, ჯერ კიდევ 2023 წლიდან დაიწყო, როდესაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი შემოიღო, ვითომ შემდეგ უკან წაიღო და ამ წლის მარტიდან ეს თემა ისევ წამოწია, შემდეგ კი კანონად მიიღეს კიდეც. ჩვენს ორგანიზაციას ისედაც მწირი ფინანსები ჰქონდა და ამ ყველაფერს დაემატა ეს მოვლენები" - გვეუბნება მახარე მაცუკატოვი.
ე.წ "რუსულ კანონთან" ერთად, მახარე მაცუკატოვი ქვეყანაში მიმდინარე, სხვა მოვლენებსაც ეხმაურება და აჯამებს. მისი თქმით, არჩევნების შედეგებმა, "ქართული ოცნების" არჩეულმა კურსმა და მიღებულმა კანონებმა დაამტკიცა, რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება და ორიენტირი რუსეთისკენ გვაქვს.
"ძალიან ცუდი ის არის რომ ღრმად აქვთ გამჯდარი კომუნისტური აზროვნება და ამართლებენ იმით, რომ ვითომ არიან მემარჯვენეები და ქართველობის დამცველები. ხალხიც შიშში ჰყავთ, ისინიც ფიქრობენ რომ არჩევნებშიც მმართველ პარტიას უნდა მისცენ ხმა და სხვანაირად არ შეიძლება, ეს ყველაფერი კომუნისტური აზროვნებიდან მოდის"- გვიხსნის "ახალქალაქის ბიზნესცენტრის" ხელმძღვანელი.
მახარე მაცუკატოვს ახლა მხოლოდ ახალგაზრდების იმედი აქვს, რადგან ფიქრობს, რომ სხვა შემთხვევაში სისტემა არ შეიცვლება.