საზოგადოება
გიორგი დიასამიძემ 12 წლის ვლადიმერ ინასარიძეს სოლიდური თანხა ჩაურიცხა
ასპინძელმა გიორგი დიასამიძემ ახალციხელ ვლადიმერ ინასარიძეს 20 000 ლარი ჩაურიცხა. გიორგის, რომელსაც გულის გადანერგვისთვის 100 000 აშშ დოლარი ესაჭიროებოდა, თანხა გასულ წელს მეგობრებმა სხვადასხვა აქტივობით შეუგროვეს. მისი გადაწყვეტილებით, ახლა, ფინანსურად მხარში დგომა სხვებს უფრო სჭირდებათ.
"მართალია ჯერ ბოლომდე არ ვარ გამოჯანმრთელებული, ამ ყველაფერს ალბათ წლები დასჭირდება მაგრამ ვერც ასე უმოქმედოდ ვერ ვიჯდები, როცა ვხედავ, რომ შემიძლია იმ ადამიანის გვერდში დგომა და დახმარება, ვისაც დღესდღეობით ყველაზე მეტად სჭირდება. მინდა დავეხმარო 12 წლის ლადო ინასარიძეს. ჩემს თანამემამულეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი - მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე. ახლა ის თურქეთშია, კვლევებს იტარებს და დასჭირდება სავარაუდოდ ხანგრძლივი მკურნალობა. მინდა მას ჯანმრთელობა ვუსურვო. ლადო ყველაფერი კარგად იქნება!" - ამბობს გიორგი დიასამიძე.
გიორგის მინსკში გულის გადანერგვის ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა, ეს საჭირო აღარ გახდა. ექიმებმა ახალი ანალიზების მიხედვით, მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდს მიაგნეს. მან ორი წლის განმავლობაში ყოველ 6 თვეში ერთხელ გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს. მიუხედავად ამისა, იგი საზოგადოების მიერ შეგროვებული თანხით, სხვების დახმარებას აგრძელებს. ლადო ინასარიძის გარდა, გიორგიმ 5 000 ლარი მარიამ მაღრაძესაც ჩაურიცხა, რომელსაც ასევე ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ინასარიძეს ავთვისებიანი სიმსივნე აგრესიულ ფორმებში დაუდგინდა. იგი სამკურნალოდ, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, 27 მარტს გაემგზავრა. ლადოს მკურნალობა ოჯახს, 84 000 დოლარი უჯდება.
Տարածեք :