საზოგადოება
რა შემთხვევაში ჩაიჭრებით მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარებისას?
მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა ორეტაპიანი გახდა, მისი ჩაბარება რეალურ მოძრაობაში გახდა სავალდებულო. პრაქტიკული გამოცდის ახალი ეტაპის შესახებ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, პირს, რომელიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ჩააბარებს, 30 დღის ვადა ეძლევა იმისათვის, რომ დახურულ მოედანზე ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის 1-ლი ეტაპი. გამოცდის 1-ლი ეტაპი იგივე წესებით ჩატარდება, რაც აქამდე მოქმედებდა, ვინც ამ ეტაპსაც ჩააბარებს, უკვე მოუწევს პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში - ქუჩაში ჩაბარება.
„რეალურ მოძრაობაში პრაქტიკული გამოცდის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-მდე სიჩქარის გზას მოიცავს. გამოცდის ამ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის გზები და სირთულეები იქნება დასაძლევი აპლიკანტის მიერ - რეგულირებადი, თუ არარეგულირებადი გზაჯვარედინები, ზოგან ხიდია გამოყენებული, რთული რელიეფის (აღმართიანი) გზებიც არის გათვალისწინებული, ასევე რთულად დასაძლევი მონაკვეთები.
ავირჩიეთ სპეციალური მარშრუტები და სწორედ ეს მარშრუტებია, ის გზა, რომელიც უნდა გავლოს აპლიკანტმა გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად. პირს მინიმუმ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს პრაქტიკული გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარება და ეს 25-წუთიანი მონაკვეთი მოიცავს დაახლოებით 15-დან 17 კმ-მდე გზას. აპლიკანტს წინასწარ არ ეცოდინება თუ რომელი მარშრუტის გავლა მოუწევს, თვითონ პროგრამა უკარნახებს, სად უნდა გადაუხვიოს, რომელ გზაზე უნდა წავიდეს და რა მარშრუტით უნდა იმოძრაოს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი დაემორჩილოს იმ საგზაო ნიშნებსა და მონიშვნებს, რაც ამ საგამოცდო მონაკვეთზე შეხვდება.
პრაქტიკული გამოცდის 1-ელ ეტაპზე კანდიდატს ეძლევა 100 ქულა, საიდანაც არ უნდა დააგროვოს - 40 ქულა, გამოცდის წარმატებით გასავლელად. მე-2 ეტაპზე კი გვაქვს მძიმე (საფრთხის შემცველი ქმედება, საავარიო სიტუაციის შექმნა) და მსუბუქი შეცდომები (აქსელერატორის მართვა, სიჩქარის გადართვა). შეფასების კუთხით 12 მსუბუქი შეცდომა არ უნდა დააგროვოს, რომ ჩააბაროს გამოცდა და ამასთან, 1-ვე მძიმე შეცდომაზე კანდიდატი ჩაჭრილად ჩაითვლება. ჩაჭრის შემთხვევაში აპლიკანტი 30 დღიანი ვადის შემდეგ შეძლებს განმეორებით გამოცდაზე გასვლას. თუმცა, ასევე შეუძლია დაჩქარებული სერვისითაც ისარგებლოს,“- განაცხადა მაკასარაშვილმა.
მისივე თქმით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მე-2 ეტაპზე ერთჯერადად გასვლის საფასური არის 90 ლარი, ხოლო დაჩქარებული სერვისის შემთხვევაში ღირებულება - 160 ლარია.
ასევე ნახეთ: ახალციხის რომელ ქუჩებს მოიცავს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა?
Տարածեք :