საზოგადოება
"იმდენად ვართ მიჩვეულები, რომ ვერც კი ვგრძნობთ" - რა ხდება სამებაში 3 მიწისძვრის შემდეგ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში დღეს მომხდარი მიწისძვრების შემდეგ ადგილობრივების მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა. მათი თქმით, რომ არა ჟურნალისტები და მიწისძვრები სოფელი არავის ეცოდინებოდა, სამება კი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსოვთ.
„პირველი მიწისძვრა დილით ადრე იყო, დაახლოებით რვა საათზე, ძალიან ძლიერი ბიძგი იყო, სახლი შეარყია. მეორე ბიძგი დაახლოებით 10 საათის შემდეგ განმეორდა, შედარებით ნაკლები სიმძლავრის. ხოლო მესამე შუადღეს ყველაზე მცირე ბიძგებით. ბოლო ორი წელია ჩვენთან ძალიან გახშირდა მიწისძვრები, მანამდე მსგავსი სიმძლავრის არ მახსოვს. სახლებს ბზარები დამატა, არ ვიცით მოხდება თუ არა რეაბილიტაცია, ან დაგვეხმარება თუ არა ვინმე. ჟურნალისტები და მიწისძვრები რომ არა, ამ სოფელს სულ დაივიწყებდნენ “ - აცხადებს სოფელ სამების მკვიდრი.
სამებაში მხოლოდ ერთ დღეში მომხდარ სამ მიწისძვრას ადგილობრივები სიმშვიდით შეხვდნენ. ამბობენ, რომ სოფელში იმდენად ხშირია ბიძგები, ხშირად ვერც კი გრძნობენ მას.
„დღეს დილით იყო მიწისძვრა, ამაზე ძლიერიც ყოფილა. სოფლის მაცხოვრებლები იმდენად მიჩვეულები ვართ, რომ ხანდახან ვერც კი ვგრძნობთ. ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, მშვიდად ვართ“ - აცხადებენ სოფელ სამებაში.
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა სოფელ სამების ერთადერთი პრობლემაა არაა. აქ მიწისძვრებივით ხშირია ქვეწარმავლების არსებობაც. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გველები დათბობისთანავე, ბოლო ათი წელია სისტემატურად ჩნდებიან. თუმცა წელს ქვეწარმავალი განსაკუთრებით მომრავლდა.
Տարածեք :