გორის საავტომობილო გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით აიკრძალება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 19, 20 და 21 ივნისს, ყოველდღე, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 27, 28 და 29 ივნისს, ყოველდღე, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
მათივე ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
ამასთანავე, საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.