ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო ნინოწმინდასა და ახალქალაქში სოფლამდე მისასვლელი გზები ჩაიკეტა
ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, ნინოწმინდაში სოფლამდე მისასვლელი გზები ჩაიკეტა. ჩაკეტილია ასევე ნინოწმინდა - წალკის ადმინისტრაციული საზღვარი და ნინოწმინდა -სომხეთთან და კარწახის საზღვართან დამაკავშირებელი გზები.
,,ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო ნინოწმინდის 32 სოფლიდან 25 ჩაკეტილია. უამინდობის გამო გაწმენდითი სამუშაოების დაწყებასაც აზრი არ აქვს" - აცხადებს ნინოწმინდის მერი ანი მოსოიანი.
ნინოწმინდის მსგავსად, ახალქალაქის სოფლებისკენ მიმავალი ყველა შიდა გზა ან დაკეტილია ან რთულად გასავლელი. როგორც ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, გზების გაუვალი მდგომარეობის შესახებ მათ მუდმივად აცნობებენ.
დაკეტილია აზავრეთის, ჩუნჩხას, კარწახის, აბულის და მრავალი სხვა მიმართულება. გზების თოვლისგან გაწმენდისთვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს 3 გრადერი, 2 K700 და ერთი დიდი თოვლის საწმენდი ტექნიკა.
საქართველოში ამინდი 5 თებერვალს გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა 8 თებერვლამდე გაგრძელდება.