ბენარასა და აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს
ადიგენში, სოფელ ბენარასა და კურორტ აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე, უკვე თვეებია ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მარტის თვეში, კომპანია "არალმა" მონაკვეთზე ასფალტის საფარი აიღო და სამუშაოები აღარ გააგრძელა. შედეგად კი გზაზე ორმულები გაჩნდა და ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს.
კომპანია "არალი" გზაზე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ახორციელებს.
როგორც "მეცხრე არხთან" კომპანიის დირექტორი დემეტრე თათეშვილი აცხადებს, გზაზე სამუშაოების შეჩერება, პროექტში ცვლილებებმა გამოიწვია.
"პროექტში იყო ცვლილებები, დასახლებულ პუნქტებში წყლის სისტემები უნდა მოწყობილიყო, ამიტომ სამუშაოები შევაჩერეთ. პროექტი სრულად წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა მანამდე, გადათხრილი გზის ასფალტით გადაფარვა დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება"- ამბობს დემეტრე თათეშვილი.
ბენარასა და აბასთუმნის დამაკავშირებელი გზა დაახლოებით 8 კილომეტრია, თუმცა ამ დროისათვის სამუშაოები მხოლოდ, ფილტვის ცენტრიდან კურორტ აბასთუმნის შესასვლელამდე მონაკვეთზეა გაგრძელებული.