საზოგადოება
ვინ ისარგებლებს შეღავათებით მწვანე ავტობუსებით მგზავრობისას
სოფლების მიმართულებით მგზავრობის ფასი 1 ლარი, ხოლო მეორე შახტასა და სოფელ მინაძეში 50 თეთრი იქნება. ავტობუსებში დამონტაჟებულია გადახდის აპარატები. მგზავრობის საფასურის გადახდა მოქალაქეებს გადახდის აპარატებზე თიბისი ბანკის ბარათით შეეძლებათ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, უფასოდ იმგზავრებენ სკოლის მოსწავლეები და მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარები, ხოლო შეღავათიანი ტარიფით - 50% - იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
შეღავათით მოსარგებლე სტატუსის მქონე კატეგორიის მოქალაქეებმა ინდივიდუალური ბარათის მისაღებად უნდა მიაკითხონ თიბისი ბანკს, ხოლო სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებს სამგზავრო ბარათები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტისგან გადაეცემათ.
ახალციხის მუნიციპალიტეტს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი 16 თებერვალს გადაეცა. ახალციხის მერის განმარტებით მძღოლებისთვის 70 ვაკანსია გამოცხადდა. დასაქმებულთა ანაზღაურება ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 800 ლარია. ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, 18-დან სამი ავტობუსი ქალაქს, დანარჩენი კი მუნიციპალიტეტის სოფლებს მოემსახურება.
2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის 2 650 200 ლარია გამოყოფილი,მათ შორის ა(ა)იპ–ის ფუნქციონირებისთვის 604 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო 2 046 000 ლარი კი ავტობუსების მრავალწლიანი შესყიდვისთვის.
შეიძლება დაგაინტერესოთ: რა ღირს ახალ მიმართულებებზე მწვანე ავტობუსებით მგზავრობა
Տարածեք :