საზოგადოება
რა ღირს ახალ მიმართულებებზე მწვანე ავტობუსებით მგზავრობა
19 ივლისს ახალი ავტობუსების ნაწილმა სოფლების მიმართულებით მოძრაობა დაიწყო. ახალციხის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აწყურის, კლდის, მინაძის, მეორე შახტის და ქალაქ ვალეს მოსახლეობას მოემსახურება.
სოფლების მიმართულებით მგზავრობის ფასი 1 ლარი, ხოლო მეორე შახტასა და სოფელ მინაძეში 50 თეთრი იქნება. ავტობუსებში დამონტაჟებულია გადახდის აპარატები. მგზავრობის საფასურის გადახდა მოქალაქეებს გადახდის აპარატებზე თიბისი ბანკის ბარათით შეეძლებათ.
დამატებითი მიმართულებით ავტობუსების მოძრაობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.
,,6 თვის მერე ვალეში დაიწყო ერთ ცალმა მწვანე ავტობუსმა სიარული და თქვენსკენ რა ხდება?" - დაწერა ჯგუფ ,,ეს სამცხე-ჯავახეთიას" ადმინისტრატორმა ჯაბა ნათენაძემ.
მოქალაქეებმა ექვთვიანი დაგვიანებით, ეტაპობრივად ავტობუსების დანიშვნას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
,,როგორც ჩანს ახალციხეშიც გადახდის სისტემები ვერ დაამოტნაჟეს, ვერ მოაგვარეს და მაგის გამო ვერ დაიწყეს თავის დროზე. იცი ზესტაფონში რა მოხდა იგივენაირ ავტობუსებზე შარშან? მხოლოდ თიბისის გადახდის სისტემა დაყენდა თავიდან და მძღოლი მთელი 6 თვე ხალხი უფასოდ მგზავრობდა, მძღოლი ეუბნებოდა ბიძია "თიბისის ბარათი თუ გაქ გადაიხდი, თუ არა ქე ჩადი ძირსო" გონებრივად და სახელმწიფოებრივად იმპოტენტი რომაა სისტემა, არაფერი უშველის შეცვლის გარდა" - წერს გაგა მუმლაძე.
18 ახალი ავტობუსი მუნიციპალიტეტმა 16 თებერვალს ჩამოიყვანა, 29 მარტს ოთხმა ავტობუსმა მოძრაობა ქალაქის მასშტაბით დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ქალაქში მოძრავი სამი ავტობუსი დარჩა.
ახალციხის მუნიციპალიტეტს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი 16 თებერვალს გადაეცა. ახალციხის მერის განმარტებით მძღოლებისთვის 70 ვაკანსია გამოცხადდა. დასაქმებულთა ანაზღაურება ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 800 ლარია. ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, 18-დან სამი ავტობუსი ქალაქს, დანარჩენი კი მუნიციპალიტეტის სოფლებს მოემსახურება.
მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, უფასოდ იმგზავრებენ სკოლის მოსწავლეები და მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარები, ხოლო შეღავათიანი ტარიფით - 50% - იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. შეღავათით მოსარგებლე სტატუსის მქონე კატეგორიის მოქალაქეებმა ინდივიდუალური ბარათის მისაღებად უნდა მიაკითხონ თიბისი ბანკს, ხოლო სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებს სამგზავრო ბარათები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტისგან გადაეცემათ.
EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას და შემდგომ განვითარებას, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 38 მუნიციპალიტეტისთვის „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსები იქნა შეძენილი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ადგილობრივებს ჯერ კიდევ 2017 წელს ახალციხის ყოფილი მერი, ზაზა მელიქიძე დაჰპირდა. იგივე პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, 2021 წლის 2 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველომ“ საკრებულოს პეტიციით მიმართა, რომელსაც ხელი 500–მა ადგილობრივმა მოაწერა.
ახლად შექმნილი ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალურ ტრანსპორტის“ ხელმძღვანელად თორნიკე ხმალაძე 2023 წლის 7 მარტს დაინიშნა.
2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის 2 650 200 ლარია გამოყოფილი,მათ შორის ა(ა)იპ–ის ფუნქციონირებისთვის 604 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო 2 046 000 ლარი კი ავტობუსების მრავალწლიანი შესყიდვისთვის.
ასევე, დაგაინტერესებთ: ახალციხის სატრანსპორტო პოლიტიკა
გააზიარეთ :