„საქალაქთაშორისო „მარშრუტკებს“ შორ მანძილზე გადაადგილება აეკრძალებათ
მომავალი წლიდან ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანის კუთხით რიგი ცვლილებები იგეგმება. მათ შორის, 8 სექტემბერს „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ 2025 წლის 1-ლი ივნისიდან 150 კმ-ის მანძილით დაშორებულ ქალაქებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდება.
„2025 წლის 1-ლი მარტიდან ნებართვა უნდა აიღოს ყველამ, ხოლო 1-ლი ივნისიდან უკვე 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ ქალაქებს შორის ივლის მხოლოდ ავტობუსი. კონკრეტული ქალაქები არის მითითებული კანონში, მათი გამოყოფა მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქალაქები არის ბირთვი და იქიდან ხდება გადანაწილება. მაგალითად, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში აეროპორტია, თელავში კი ახლა კეთდება. პირველ ეტაპზე აღნიშნულ ქალაქებში განხორციელდება რეფორმა.
რაც შეეხება გამოთავისუფლებულ სამარშრუტო ტაქსებს, ეს მიკროავტობუსები ზოგ შემთხვევაში გადაკეთდება სატვირთოდ ისე, როგორც მოხდა ძალიან ბევრ ქვეყანაში. იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების ნორმებს, გადავლენ დაბებში. კერძოდ, „მარშრუტკები“, რომლებიც იქნება უსაფრთხო და ჩვენგან მიიღებენ ნებართვას, ადგილობრივი მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, გადანაწილდება რეგიონებში,“ - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ.