საზოგადოება
რა მოვლენებით დაგვამახსოვრდა ახალციხე 2024 წელს
ხანძრები, ახალი ავტობუსები, დაუსრულებელი მშენებლობები და ქვეყანაში მიმდინარე მძიმე მოვლენების ფონზე მომღერლებისთვის გადახდილი ათიათასობით ლარი - ეს იმ მოვლენების ჩამონათვალია, რაც მიმდინარე წელს ახალციხეში მოხდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წელი სიახლით დაიწყო, 18 ახალი მწვანე ავტობუსი შეიძინა და ამით საქალაქო თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება დაიწყო, რომელიც წლებია ახალციხის მუნიციპალიტეტში იყო. თავდაპირველად მერიამ ოთხი ავტობუსი აამუშავა, დანარჩენი 14 ავტობუსი კი პარკინგზე ხუთი თვის განმავლობაში უფუნქციოდ იდგა. წლის მეორე ნახევარში, ტრანსპორტმა მუშაობა დაიწყო, თუმცა მათი გამართულად ფუნქციონირებისთვის ქალაქში ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოწყობის პროცესშია.
ივნისის თვეში ახალციხე, თამარაშვილის 25 ნომერში, მრავალბინიან კორპუსის სახურავზე გაჩენილმა ხანძარმა აახმაურა. ხანძრის შედეგად კორპუსის სახურავი და რამდენიმე საცხოვრებელი ბინა დაიწვა. მრავალბინიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალდა 15 ოჯახი, რომლებიც მერიამ ქირით გადაიყვანა. ამ დროისათვის კორპუსის სახურავი და დამწვარი ბინები უკვე აღდგენილია.
2021 წლიდან მოყოლებული, ისევ გრძელდება ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ამ პერიოდში შეიცვალა მშენებელი კომპანიაც. სპორტული კომპლექსის მშენებლობა შპს "არალმა" გააგრძელა, რომელსაც სამუშაოები 2024 წლის 12 თებერვალს უნდა დაესრულებინა, თუმცაბოლო მონაცემებით, ვადამ წლის ბოლომდე გადაიწია.
ახალციხეში მიმდინარეობს მესხეთის თეატრის რეაბილიტაციაც, რისთვისაც 14 140 000 ლარი იხარჯება. თეატრში მოეწყობა ორი, მცირე და დიდი დარბაზი, რომელთაგან მცირე - 100, დიდი დარბაზი კი 500 მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. განიხილება, როგორც თეატრის შიდა სივრცის, ისე ფასადის და ეზოს მოპირკეთება.
მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე რთული მოვლენებისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ წინასაახალწლო სამზადისი აქტიურად დაიწყო და არაერთი სადღესასწაულო ღონისძიებაც გამართა. ღონისძიებების ფარგლებში, მერიამ ესტრადის მომღერლებიც მოიწვია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 000 ლარი გადაუხადა. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა, 18 000 მუნიციპალიტეტმა ნუცა ბუზალაძეს მისცა.
ბუზალაძის სიმღერას ახალციხეში პროტესტი მოჰყვა. ჯერ კონცერტის საღამოს, ახალციხის ცენტრში გასაპროტესტებლად მისული ოპოზიციური პარტიის წევრი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მეორე დღეს კი ნუცა ბუზალაძის კონცერტი გააპროტესტა ახალციხელმა ანამარია კოტაძემ. იგი, ქალაქის ცენტრში, ბანერით მივიდა და ერთი კაცის აქცია მოაწყო.
Տարածեք :