ახალციხეში ხანძრისგან დაზარალებული 15 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს
ახალციხეში, მრავალბინიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული 15 ოჯახი, მუნიციპალიტეტის მერიამ სასტუმროში განათავსა.
როგორც, "მეცხრე არხთან" ახალციხის მერის მოადგილე ილია ზარდიაშვილი ამბობს, ოჯახები სასტუმროში იქამდე დარჩებიან, ვიდრე თავიანთ საცხოვრებლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მისივე თქმით, არის რამდენიმე ბინა, სადაც საცხოვრებელი პირობები არ არის, ამიტომ ოჯახებს ქირით გადაიყვანენ.
"ორი ბინა ხანძრისგან დამწვარია, დანარჩენებში წყალი ჩავიდა. მერიის შესაბამისი სამსახურები სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყებენ ბინებში ზარალის აღწერას და იმ ოჯახებს, ვისი ბინებიც, საცხოვრებლად უვარგისი იქნება, ქირით გადავიყვანთ"- ამბობს ილია ზარდიაშვილი.
მისივე თქმით, ხუთსართულიანი კორპუსის დამწვარი სახურავის პროექტი დღის ბოლომდე მზად იქნება, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება და სახურავის რეაბილიტაციას დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ თამარაშვილის #25-ში, მრავალბინიანი კორპუსის სახურავზე ხანძარი 13 ივნისს ღამით გაჩნდა, შედეგად კორპუსის სახურავი და რამდენიმე საცხოვრებელი ბინა დაიწვა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მომხდარზე შსს-მ ძიება, სსკ-ს 187 -ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშუალებით ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.