მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრი დაჯარიმდება -კიდევ რა საკითხები განიხილა ახალციხის საკრებულომ
ახალციხეში, მუნიციპალურ ტრანსპორტში ასული უბილეთო მგზავრი 20 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ, სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესი, მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა დღეს, 27 მარტს გაიმართა, რომელსაც საკრებულოს წევრებთან ერთად, მერი და მისი მოადგილეები დაესწრნენ. სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ექვს საკითხს, მათ შორის იყო ა(ა)იპ "ახალციხის სასაფლაოების მართვის ცენტრის" დირექტორის გიორგი ბეროშვილის 2024 წლის ანგარიში.
ასევე, ერთ-ერთი საკითხი იყო, ახალციხის ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე საპირფარეშო, რომელიც ააიპ "ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინებას" გადეცა.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ნატო დარბაიძეს ახალციხის მერთან ირაკლი ლაზარაშვილთან, კითხვები ჰქონდა მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.
"თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი პროექტი მაინც, რითაც თავს მოიწონებთ? არაერთი პროექტია მუნიციპალიტეტში, რომელიც წლებია ვერ დასრულდა, ეს არის სპორტსკოლის მშენებლობა თუ რაბათის ხიდის. უკვე მერამდენე აღდგომას უნდა შეხვდნენ ახალციხელები, რომ ხიდი არ არის გაკეთებული?" - განაცხადა ნატო დარბაიძემ.
ამაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა განაცხადა, რომ დაუსრულებელი პროექტები არაკეთილსინდისიერი კომპანიების ბრალია, რომლებიც თავიანთ საქმეს პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან.
"რაც შეეხება რაბათის ხიდს, მე დილითაც ვიყავი და დავაკვირდი სამუშაო პროცესებს. სააღდგომოდ, ხიდის ძირითადი ნაწილის სამუშაოები დასრულებული იქნება" - განაცხადა ახალციხის მერმა.
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ამჯერად ახალციხის მერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თუმცა, კითხვაზე, ბოლო წლების განმავლობაში, მერიის შეხვედრები, მათ შორის მრჩეველთა საბჭოს სხდომები რატომ არის დახურული ჟურნალისტებისთვის, ირაკლი ლაზარაშვილმა გვიპასუხა, რომ მედიის წარმომადგენლების ინფორმირების და მათი სხდომაზე დასწრების ვალდებულება არ აქვს.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, გუშინ 26 მარტს იყო, როცა ადგილობრივი მედია, მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე არ შეუშვეს.