ბორჯომის ორ სოფელს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას საქართველოს 14 სოფელი დაემატა
– ამის შესახებ საქართველოს პრემირ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათებით ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ისარგებლებს.
ბორჯომში მაღალმთიანის სტატუსი ტაძრისსა და საკირეს მიენიჭა.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები:
* ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან; მეწარმე პირი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისგან (საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პირობებით).
* პირველი და მეორე ბავშვისთვის 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 100 ლარი, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის - 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარი.
* ყოველთვიური დანამატი პენსიაზე არანაკლებ 20% და სოციალური პაკეტის 20%.
* ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის ღონისძიებები.
* დანამატი საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%, პროფსასწავლებლებში - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35%; სპეციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლისათვის - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50%.
* დანამატი ექიმისათვის - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით; ექთნისათვის - სახელმწიფო პენსიის ოდენობით.