პნევმატური იარაღის შენახვა-ტარებასთან დაკავშირებით წესები გამკაცრდა
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული წესები, რომელთა მიხედვითაც პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდა.
მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, აიკრძალა პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ტარების უფლებით რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს. ასევე, დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.
„საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავების სასროლი ბურთულების პნევმატური იარაღი (paint ball).
ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დეტალურად გაიწერა პნევმატური იარაღის შენახვისა და ტარების წესი.
კერძოდ:
- რეგისტრირებული პნევმატური იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად თან იქონიოს პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
- მოქალაქე ვალდებულია, პნევმატური იარაღი შეინახოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და გამოირიცხოს მასთან გარეშე პირთა დაშვება;
- პნევმატური იარაღის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და აღნიშნულ იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი;
- პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ჭურვებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში;
- ტარების ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე (ტირი, სასროლეთი, ნადირობისთვის დაშვებული ადგილები, დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსის მიღმა არსებული ტერიტორია).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.
კერძოდ:
- პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება იწვევს პირის დაჯარიმებას
200 ლარის ოდენობით;
- პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას
300 ლარის ოდენობით;
- დასახლებულ ადგილას პნევმატური იარაღიდან სროლა იწვევს პირის დაჯარიმებას
500 ლარით ოდენობით;
- ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით ოდენობით.
ზემოაღნიშნული ყველა სამართალდარღვევის ჩადენისას მოხდება პნევმატური იარაღის კონფისკაცია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.