გაფრთხილება, ჯარიმა თუ პატიმრობა - დავით ახალკაცის პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა
ნუცა ბუზალაძის კონცერტზე დაკავებული ოპოზიციური პარტიის წევრის სასამართლო ჯერ არ ჩანიშნულა. როდის გაიმართება დავით ახალკაცის სასამართლო პროცესი, ადვოკატი პასუხს ამ დრომდე ელოდება. ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი 166-ე და 173-ე მუხლებით გაასამართლებენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა გულისხმობს. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს სამი სახის სასჯელს - გაფრთხილებას, ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით და პატიმრობას 15 დღით.
სამარჯიშვილი იმედოვნებს, რომ მოსამართლე გაფრთხილებით შემოიფარგლება. საახალწლო კონცერტების გამართვას, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ახალციხის მოსახლეობის ნაწილიც ეწინააღმდეგება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო კონცერტებში მონაწილე მომღერლებს ჰონორარის სახით ჯამში 41 000 ლარს უხდის. მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ახალციხეში ორი საათის განმავლობაში 18 სიმღერა შეასრულა, რის გამოც ჰონორარის სახით 18 000 ლარს მიიღებს.
ასევე, დღევანდელი კონცერტის მონაწილეა მირზა მოდებაძემც. ის 12 სიმღერაში 8 000 ლარს მიიღებს ჰონორარის სახით.
21 დეკემბერს იმღერებს ზუკა ხუციშვილი და მას ახალციხის მერია 10 000 ლარს გადაუხდის, ხოლო 29 დეკემბერს გიორგი ნიკოლაძე (ნიკოლშოუ) გამოვა სცენაზე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან იგი ჰონორარის სახით 5 000 ლარს მიიღებს.
მომღერლების ანაზღაურების გარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებებზეც, რისთვისაც 53 648 ლარი განისაზღვრა. ამ თანხაში შედის თოვლის პაპა, ფიფქია და 6 სხვადასხვა ზღაპრის გმირების დაქირავება, სცენის მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება, როგორც ახალციხეში, ისე ვალეში საკონცერტო ღონისძიებებისთვის.
ხმის რეჟისორის ჰონორარი, ფეიერვერკი და ნაძვის ხის დაცვის მომსახურება. ახალციხის მუნიციპალიტეტმა ტენდერი საახალწლო განათების შესყიდვაზეც გამოაცხადა, რაც ჯამში 41`410 ლარი უჯდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.
სულ, საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად ახალციხის მუნიციპალიტეტი 135 ათასი ლარს ხარჯავს.