სამართალი
ბათუმში ზვიად ქორიძეს და გიორგი გახარიას თავს დაესხნენ
ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძეს, ბათუმში ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები. ინციდენტი 14 იანვარს, ღამით მოხდა სასტუმრო „შერატონში”.
ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო. მას აქვს დაზიანება, რომლის გამოც კლინიკაში იმყოფებოდა.
ქორიძემ ჟურნალისტებს უამბო, რომ სასტუმროს ფოიეში მასთან მივიდა ერთ-ერთ მაგიდასთან, სუფრაზე მყოფი პირი, რომელიც გიორგი მანველიძედ გაეცნო, ახალი წელი მიულოცა და სასმელი შესთავაზა, ხოლო მას შემდეგ, რაც უპასუხა, რომ, სამწუხაროდ, არ სვამს, მაგიდასთან დაბრუნდა. ზვიად ქორიძის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის შემდეგ ფოიეში ჩამოვიდა დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ჯერ სუფრასთან მივიდა, შემდეგ კი მასთან.
ზვიად ქორიძე შემთხვევის ადგილიდან სასტუმროს დაცვამ გაიყვანა, რის შემდეგაც ნომერში დაბრუნდა, დაახლოებით ოც წუთში კი კოლეგებისგან შეიტყო, რომ სასტუმროში თავს დაესხნენ გიორგი გახარიასაც.
"გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიკიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა და გახარია კლინიკაშია გადაყვანილი.
დიმიტრი სამხარაძე საქართველოს მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო პარტია „ქართული ოცნებიდან” და დეპუტატია მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტშიც, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
სამხარაძე ცნობილია სიძულვილის ენის გამოყენებითა და ოპონენტების შეურაცხყოფით. გიორგი მანველიძე აჭარის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
Տարածեք :