ბათუმის სასამართლომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში გაუშვა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. „თავისუფლება მზიას“ - სკანდირებდნენ სხდომაზე დამსწრეები. დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მოსამართლესა და პროკურორებს მიმართეს სიტყვებით: „ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“, „მოღალატეებო“.
სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და ხელწერილით გათავისუფლების შემდეგ, პოლიციელს შურისძიებით მიზნით დაესხა თავს, რაც მძიმე დანაშაულია, - ამის შესახებ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩადენილი დანაშაული ბრალდების მხარისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენების საფუძველი გახდა, რომელიც მოსამართლემ გაიზიარა. პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამო აქცია გამართეს ჟურნალისტებმა. პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ. ისინი ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები - „რუსებო“.
აქციის მონაწილეების თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას საფუძველი არ ჰქონდა და ეს რეალურად არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.