პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 54 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.