რა ცვლილებები, ამოქმედდება სოფლის მეურნეობაში 2025 წელს
2025 წელს საქართველოში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებაა დაგეგმილი. წლის განმავლობაში განსახორციელებელი ცვლილებები ეხება სატრანსპორტო მიმართულებას, ტურისტულ საქმიანობას, საბანკო მომსახურებებს, სოფლის მეურნეობაში და ა.შ.
2025 წლის 1-ლი იანვრიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. სავალდებულო სერტიფიცირების ნუსხა მოიცავს თითქმის ყველა ძირითად მარცვლოვან კულტურასა და ბოსტნეული/ბაღჩეულის სახეობებს. მათ შორის: შვრია, ქერი, ბრინჯი, ჭვავი, ხახვი, ნიორი, სატაცური, ყვავილოვანი კომბოსტო, ნესვი, საზამთრო, გოგრა, პომიდორი და სხვა.
ცნობისთვის, 2024 წლის 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნუსხა, რომელთა სერტიფიცირებაც სავალდებულო უნდა გამხდარიყო, მაგრამ ცვლილებების ამოქმედება 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდო.
ზუსტად ერთ დღეში კიდევ ერთი ცვლილება ამოქმედდება, თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ. დადგენილების თანახმად, მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციას 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ.
ასევე ცვლილებები იქნება, სასოფლო-სამეურნეო მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ვადებშიც, რომელიც გახანგრძლივდა. უფრო კონკრეტულად, სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასო რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, პროცესი 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დასრულებულიყო. 2024 წლის 1-ლი ნოემბრის დადგენილების თანახმად კი, სისტემური რეგისტრაცია 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.