აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას - საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო ბოლო პერიოდში გავრცელებულ მოსაზრებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს ახალი კორონავირუსული ინფექციის პირველი ტალღის დროს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას და არ ემორჩილებოდა მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცალკეულ სასულიერო პირთა ინდივიდუალური განცხადებები ეკლესიის საერთო და ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს.
„საზოგადოების უკეთ ინფორმირებისა და ბრალდებების საპირწონედ გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს სხვადასხვა დროს ეკლესიის მიერ გავრცელებული განცხადებებიდან, მათ შორის, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვიდან, საქართველოს საპატრიარქოსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცადებებიდან და ა.შ.
რაც შეეხება ცალკეულ სასულიერო პირთა ინდივიდუალურ განცხადებებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს განცხადებები არ გამოხატავს და ეწინააღმდეგება ეკლესიის საერთო და ოფიციალურ პოზიციას.
ამჯერად გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს 2020 წლის 1 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ გავრცელებული მიმართვიდან.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:
ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები:
დამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია;
სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები;
მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს“ ,- ნათქვამია განცხადებაში.