"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ.... " - მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარებას აღნიშნავს
7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას უკავშირდება, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს.
ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილების უფლება ეძლევათ.
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ.... " - სწორედ ამ სიტყვებით ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ყოვლადწმინდა ქალწულს, რომ ის მესიის დედა უნდა გამხდარიყო. ახარა ნაზარეთში, მართალი იოსების სახლში დამკვიდრებულს, უფლის ერთგულსა და მისი სიყვარულით აღსავსეს.
რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ამდენად, ის არის კაცობრიობის ხსნის დასაბამი.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ტაძარში იზრდებოდა და მისი ცხოვრება ლოცვით, მარხვითა და კეთილი საქმით იყო გაჯერებული. ის ყოველთვის ნატრობდა, ღმერთს მიემადლებინა მისთვის იმ ქალწულის მსახურება, რომელიც შობდა მაცხოვარ იესო ქრისტეს. სწორედ ამ დროს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, რომ თავად ის აერჩია უფალს მაცხოვრის დედად. ის, რომ მთავარანგელოზის დანახვისას და მისი ხმის გაგონებისას ყოვლადწმინდა ქალწული არც შეშინებულა და არც გაოცებულა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ იგი ხშირად ხედავდა და ესაუბრებოდა ზეციურ მაცნეებს. მან მხოლოდ ის გაიოცა, როგორ უნდა აღსრულებულიყო ეს უდიდესი საიდუმლო. ამ კითხვაზეც მიიღო პასუხი:
"სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა". ამიტომაც, უფლის ნებასა და განგებას მინდობილმა, ანგელოზს უპასუხა: "აჰა, მხევალი უფლისაი. მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა".
ხარების დღე და წუთი იმ სიხარულის დასაბამად იქცა, მთელი კაცობრიობის უფალთან შერიგება რომ ეწოდა სახელად - ქალწულის შეუგინებელ ტაძარში მეყვსეულად შევიდა სულიწმინდა და განწმინდა მისი ბუნება.
7 აპრილს - ძვ. სტილით 25 მარტს -შექმნა ღმერთმა ადამი. 7 აპრილსავე ეხარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და ადამის მთელ მოდგმას მაცხოვრის განკაცების შესახებ. ქალის ურჩობისა და შეგონების შედეგად ცდუნდა და დაეცა ადამი. საუკუნეების შემდეგ კი ისევ ქალწულის მორჩილებისა და სიწმინდის წყალობით დაეცა ბოროტი და იშვა ძე ღვთისა. ადამი-ანი კი კვლავ დაუბრუნდა ზეცას.
ტროპარი:
დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.
კონდაკი:
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.