ქრისტიანებისთვის ვნების შვიდეული დაიწყო
ქრისტიანული სამყაროსთვის ვნების შვიდეული დაიწყო. ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას ჰქვია.
კვირის ექვსი დღე იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. მორწმუნეები მთელ ამ პერიოდს მარხვასა და ლოცვაში ატარებენ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.
მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდი ეწოდება.
ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია აღევლინება, რომელთა დროსაც სახარება სრულად იკითხება.
ვნების შვიდეულის დასაწყისი დიდი ორშაბათია. ამ დღეს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ასევე ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.
ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისაგან გამდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილ სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცხოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების აღწერით ეკლესია მორწმუნეებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისკენ, სულგრძელობისკენ, სიმშვიდისკენ, მოთმინებისკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისკენ მოუწოდებს და მაცხოვრის მიერ სახარების მთელ ქვეყენაზე გავრცელებისა და რჩეულთა გულისთვის განსაცდელთა შეწყვეტის აღთქმით ანუგეშებს.
წყარო: orthodoxy.ge