14 მაისი თამარ მეფის ხსენების დღეა
14 მაისი ქართველთა მეფის, თამარის ხსენების დღეა.
საქართველოს ერთადერთი ქალი მეფე XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა ქვეყანას, შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლო ძლიერი სახელმწიფოს შექმნა.
"მზე იგი მზეთა" თამარი სამაგალითო ქრისტიანი იყო, მან საეკლესიო საქმეებსაც მიხედა, რადგან ქრისტიანულ ეკლესიას ზნეობრივი რყევა შეამჩნია. აურაცხელი საბოძვარი გასცა ხალხისთვისაც. შენდებოდა ტაძრები, ციხესიმაგრეები, ხიდები. გაჩნდა "თამარის ციხე", "თამარის ხიდი", "თამარის ხატი", "თამარის ეკლესია"…
თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა. ქვეყანამ დაკარგა დედა და დედოფალი სრულიად სახელმწიფოსი. ეს იყო კლასიკური ხანა საქართველოს ისტორიაში.
დღემდე თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი. მათ შორის ერთ-ერთი ბეთანიის ტაძარს ამშვენებს. თამარ მეფის სახე შემოგვინახა ბერთუბნის ეკლესიამაც. ფრესკა დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. წმინდა მეფის ფრესკა შემონახულია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშიც, სადაც თამარ მეფე გიორგი მესამესთან ერთადაა გამოსახული. კიდევ ერთი ფრესსკა ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზეა, სადაც მხატვრობაზე თამარ მეფე ლაშა-გიორგისთან და გიორგი III-სთან ერთადაა. შენობა შეულესავთ და ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ გადარჩენილი ფრესკები მხატვრული ღირსებით შუა საუკუნეების მონუმენტური ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლებს წარმოადგენს.
ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა. 14 მაისს მისი ხსენების დღე საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება.