"ოცნების" 22 დელეგატს შორის, სამცხე-ჯავახეთიდან მოქმედი დეპუტატები არიან
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის 22 დელეგატი წარადგინა. სამცხე-ჯავახეთში დაასახელა მოქმედი დეპუტატები - ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი ანტონ ობოლაშვილი, ახალქალაქი-ნინოწმინდა სამველ მანუკიანი.
"ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან", - განაცხადა კობახიძემ.
საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებით, პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი განსაზღვროს 30 ოლქიდან რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად. კერძოდ, აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ ოლქის ნომერი, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი. აღნიშნული ცვლილებს საარჩევნო კოდექსში მესამე მოსმენით 15 მაისს დაუჭირეს მხარი.
„დელეგატები” საარჩევნო სიაში მაჟორიტარის ალტერნატივაა - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ტარდება.
თუმცა, უცნობია, რა ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში ესა თუ ის დელეგატი და მოხვდება თუ არა პარლამენტში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამა თუ იმ ოლქში მისი პარტია გაიმარჯვებს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დღეს დასახელებული დელეგატები პარტიის „გამსვლელ სიაში” იქნებიან.