მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემები - სოფიო ხორგუანის ბრიფინგი
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი სოფიო ხორგუანი წერილობით მიმართავს პრემიერ-მინისტრსა და სახალხო დამცველს, რომ შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც იმუშავებს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე ადამიანებისთვის მთავარი პრობლემის გადაჭრაზე.
„მოგიწოდებთ და მოვითხოვ, შექმნათ კომისია ყველა საჭირო უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით, რათა მოძებნოთ გამოსავალი და უსასრულოდ არ გააგრძელოთ ათასობით ადამიანის სასიცოცხლო ინტერესების უგულებელყოფა. დროულად შესთავაზეთ მათ მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა, რომელიც სახელმწიფო ინტერესების თანმხვედრი, რეალური და ხელმისაწვდომი იქნება მათთვის"- განაცხადა სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე.
საქმე ეხება არაოფიციალური ინფორმაციით, 5 ათასზე მეტ პირს, რომლებმაც რუსეთიდან, სეზონური სამუშაოებიდან დაბრუნებისას აღმოაჩინეს, რომ საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმეს. იმის გამო, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ პირებს მოქალაქეობა არ აქვთ, ათასობით ადამიანი ვერ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ვერ სარგებლობს განათლების და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით.
სოფიო ხორგუანის თქმით, "ქართული ოცნება" არაერთხელ დაჰპირდა ამ ადამიანებს, რომ დაუბრუნებდა მოქალაქეობას, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.